„განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულია" - HRC ლაზარეს განაჩენის გაასაჩივრებას გეგმავს

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. მას დღეს მოსამართლე ზვიად შარაძემ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამასთან, ადამიანის უფლებათა ცენტის განცხადებით, უკვე შესაძლებელია საქართველოს პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეიწყალოს მსჯავრდებული, რითაც აღმოიფხვრება პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ხარვეზი.

ლაზარე გრიგორიადისის დედა სალომე ზურაბიშვილს გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით დღეს მიმართავს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ალეკო ცქიტიშვილი „პუბლიკასთან“ განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ლაზარეს შეიწყალებს, მაინც რჩება იმის ალბათობა, რომ ოჯახთან ერთად გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ.

„შესაძლებელია, ისეც მოხდეს, რომ პრეზიდენტმა შეიწყალოს და განაჩენი მაინც გასაჩივრდეს, ამას ოჯახთან ერთად გადავწყვეტთ.

არის ასეთი მაგალითები, მაგალითად, ირაკლი ოქრუაშვილი როდესაც შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა, მან მაინც გაასაჩივრა საქალაქოს გადაწყვეტილება და გააგრძელა დავა, ასევე გიორგი რურუამ და ახლაც სააპელაციოში განიხილება მისი საქმე. [თუ სააპელაციომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება] შეწყალება ძალაში დარჩება. აქ უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ სასამართლომ თვითონვე გაასწოროს თავისი ხარვეზი და ასევე შესაძლებელია, ყველა ინსტანციის ამოწურვის შემდეგ სტრასბურგში გასაჩივრდეს განაჩენი“, – განმარტავს ადვოკატი „პუბლიკასთან“.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, სისხლის სამართლის საქმე და შესაბამისად – განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულია და ლაზარე გრიგორიადისი არის პოლიტიკური აპარატი.


დღეს მოსამართლემ მარტის აქციების საქმეზე ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს, შესაბამისად, სასჯელის ათვლა მისი დაკავების დღიდან იწყება.

ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 29 მარტს დააკავეს. ის მარტში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და პოლიციის მანქანის დაწვაში იყო ბრალდებული.

მას 2023 წლის 25 სექტემბერს 1.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს მამის დაჭრის საქმეზე, რომლის განხილვა სასამართლომ დაწყებიდან 2 წლის შემდეგ განაახლა.

მარტის აქციების საქმეზე ლაზარეს დაკავებას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუ, რომელშიც მან მარტის აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს „სატანისტები“ უწოდა. მოგვიანებით, მან ლაზარეს მიმართ გამოიყენა სიტყვა „ბინძური“ და განაცხადა, რომ მას „ვერავინ ვერ გამოიყვანს ციხიდან“.

ხელისუფლების ლიდერებმა ლაზარეს არაერთხელ უწოდეს „ორიენტაციაარეული“. ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ მას „ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული“.

მარტის აქციების საქმეზე თავდასხმისა და სახელმწიფო ქონების დაზიანებისთვის, ლაზარეს გარდა, დაკავებული იყო თორნიკე აკოფაშვილი, რომელსაც 19 ოქტომბერს 3 000 ლარის ოდენობით ჯარიმა და 2-წლიანი პირობითი მსჯავრი დაეკისრა.