განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე დაუყოვნებლივ წარვადგენთ - კობახიძე

პუბლიკა

„საქართველოს მთავრობა დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, განაცხადის შეტანა 2024 წელს იყო გათვალისწინებული, თუმცა ახალი რეალობის გათვალისწინებით, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„2024 წელს როგორც ეს „ქართული ოცნების“ პროგრამით იყო გათვალისწინებული, ახალი რეფორმებით ზურგგამაგრებული განაცხადის შეტანას ექნებოდა მრავალი უპირატესობა განაცხადის ნაჩქარევ შეტანასთან შედარებით. თუმცა საერთო პოლიტიკური რეალობისა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებთან და პირველ რიგში პრემიერთან კონსულტაციების საფუძველზე „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება განაცხადი ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუყოვნებლივ წარედგინოს“, – თქვა მან.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა უკვე ამზადებს განაცხადს. კობახიძემ მოუწოდა ევროკავშირს, რომ საგანგებო რეჟიმში განიხილონ საქართველოს განაცხადი და მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

„საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს საქართველოს ხელისუფლების სახელით ხვალ ოფიციალურად წარედგინება. მოვუწოდებთ ევროკავშირის სტრუქტურებს, საგანგებო რეჟიმში განიხილონ ჩვენი განაცხადი და მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ“, – თქვა კობახიძემ.