უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი 15 მარტიდან აუდიტორიებში გაგრძელდება.
„პუბლიკა“ კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებს დაუკავშირდა იმის გასარკვევად თუ რამდენად მზად არიან ისინი აუდიტორიებში სწავლა 15 მარტიდან განაახლონ. უნივერსიტეტების ნაწილს ჯერ გადაწყვეტილება აუდიტორიებში სწვალის აღდგენასთან დაკავშირებით არ მიუღიათ და ამბობენ, რომ მიმდინარე კვირაში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. ნაწილში კი ამბობენ, რომ სწავლა შერეული მოდელით გაგრძელდება, სააუდიტორიო მეცადინეობისას კი სრულად დაცული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „პუბლიკას“ განუმარტეს, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრი დაიწყება 2021 წლის 15 მარტს. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსების თეორიული ნაწილი წარიმართება დისტანციურად, პრაქტიკული ნაწილი კი აუდიტორიებში. არადისტანციურ რეჟიმში სასწავლო პროცესი წარიმართება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ შესაბამისი საბჭო თეორიული სასწავლო კურსების აუდიტორიებში განახლებასთან დაკავშირებით 4 მარტს იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით, განცხადება მოგვიანებით სპეციალურ პრესკონფერენციაზე გაკეთდება.
აკადემიური საბჭო გადაწყვეტს 15 მარტიდან თსუ-ში აუდიტორიებში გაგრძელდება თუ არა სწავლა
01 მარტი, 2021
საქართველოს უნივერსიტეტში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ უნივერსიტეტში სწავლა შერეული მოდელით გაგრძელდება, ჩატარდება, როგორც სააუდიტორიო მეცადინეობები ასევე, ლექციები გარკვეული საგნებში ონლაინრეჟიმშიც ჩატარდება. მაგისტრატურის საფეხური სრულად ონლაინრეჟიმში განაგრძობს სწავლას, რადგან, როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის სალექციო საათები 19 საათიდან იწყება, ამიტომ, ე.წ. „კომენდანტის საათის“ გათვალისწინებით, რათა სტუდენტებს ხელი არ შეეშალოთ, მათთვის სწავლა სრულად ონლაინფორმატში დარჩება.
კავკასიის უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ სწავლა 15 მარტიდან აუდიტორიებში განახლდება, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და რეგულაციების სრული დაცვით. ცვლილებები იქნება სალექციო დროის გრაფიკთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ სტუდენტებმა, ე.წ. „კომენდანტის საათამდე“ შეძლონ სწავლის დასრულება.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ ჯერჯერობით უნივერსიტეტში სწავლის აუდიტორიებში განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
კლინიკური, პრაქტიკული და ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენა და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში გამართვა უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს დღეიდან, 1 მარტიდან შეუძლიათ.