განათლების კოალიცია და გაეროს ბავშვთა ფონდი საჯარო სკოლებისთვის კონკურსს აცხადებს

პუბლიკა

განათლების კოალიცია, გაეროს ბავშვთა ფონდი და  საერთაშორისო პლატფორმა CK-12 იწყებს ახალ ინიციატივას – „საგანმანათლებლო პლატფორმა ck-12-ის სკოლების ქსელი“, რომლის მიზანია CK-12-ის  რესურსების პოპულარიზაცია და ინტეგრირება სწავლა-სწავლების პროცესში.

2022-2023 სასწავლო წელს ქსელში ჩართულმა საჯარო სკოლებმა უნდა უზრუნველყონ საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმის ck-12-ის ქართულ გვერდზე არსებული რესურსების დანერგვა სასწავლო პროცესში,  STEM საგნის მასწავლებელის პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში ჩართვა და მხარდაჭერა.

შერჩეულ სკოლებს კონსულტაციას გაუწევენ CK-12-ის კონსულტანტ-მასწავლებლები,  რომლებიც STEM საგნის მასწავლებლებს გაუზიარებენ CK-12-ის სასწავლო პროცესში დანერგვისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, გამართავენ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ სამუშაო შეხვედრებს და გააცნობენ წარმატებული სკოლების გამოცდილებას.

კონკურსის – „საგანმანათლებლო პლატფორმა ck-12-ის სკოლების ქსელი“ ფარგლებში შეირჩევა 60 საჯარო სკოლა და პროექტის დასკვნით ეტაპზე გამორჩეული პრაქტიკის მქონე 10 მათგანი სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება.

დაინტერესებულმა სკოლებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა მითითებულ ბმულზე

განაცხადების მიღება დასრულდება 15 ივლისს.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ სკოლებს.

ინიციატივა ხორციელდება პროექტის „ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა მოსწავლისათვის“ ფარგლებში, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნორვეგიის სპეციალური საჭიროების საგანმანათლებლო სააგენტოს (სტატპედი) და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ნაწილია და მიზნად ისახავს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას, დაფინანსებულია ნორვეგიის მთავრობის მიერ და განხორციელდება 2021-2023 წლების პერიოდში.

საგანმანათლებლო პლტფორმა CK-12 ქართული გვერდის შესახებ

2020 წელს განათლების კოალიციის, CK-12-ის ფონდის და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით CK-12 პლატფორმაზე ღია საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და დისტანციური სწავლების პროცესის მხარდასაჭერად სპეციალური ქართული გვერდი შეიქმნა (www.ck12.edu.ge). პროექტის ფარგლებში VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის ქართულ ენაზე ითარგმნა და ადაპტირდა მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგის და ქიმიის ელექტრონული სახელმძღვანელოები.

საერთაშორისო საგანმანათლებლო პლტფორმა CK-12 შესახებ

საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12 2007 წელს დაარსდა. პლატფორმის მიზანია მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის უფასო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, რომლებიც  საშუალებას აძლევთ ისწავლონ ინდივიდუალური შესაძლებლობების ფარგლებში. CK-12-ის პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ელექტრონული წიგნები, ადაპტირებადი პრაქტიკული სავარჯიშოები და სამეცნიერო სიმულაციები, შექმნილია 260 000-ზე მეტი ე.წ. „ფლექს ბუქი“.  დღემდე, CK-12-ის რესურსებით  მსოფლიოს მასშტაბით 137 მილიონზე მეტმა მოსწავლემ და მასწავლებელმა ისარგებლა, ხოლო პანდემიის პერიოდში ვებგვერდით სარგებლობა 480 პროცენტით გაიზარდა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

თამუნა გურგენიძე, ორგანიზაციული განვითარებისა და კომუნიკაციის მენეჯერი, ტელ: +995 59181997; tamunagurgenidze@gmail.com; www.efageorgia.ge