განათლების კოალიცია და ორგანიზაცია „ღია სივრცე კავკასია,“ ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „რეგიონული ნდობის ჯგუფები სკოლების დეპოლიტიზებისთვის“ განხორციელებას იწყებს. პროექტის მიზანია ზოგადი განათლების სისტემის დეპოლიტიზების მხარდაჭერისთვის რეგიონული ნდობის ჯგუფების ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანების ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდას, პოლიტიკური გავლენებისგან დაცვას და მათი რესურსების არამართლზომიერი გამოყენების პრევენციას.
„სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია განიცდის ზეწოლას პოლიტიკური ნიშნით, რაც არაერთი გახმაურებული შემთხვევითაც დასტურდება. ასეთი არამართლზომიერი პოლიტიკური გავლენები არსებითად აზიანებს სასკოლო სისტემას და, ზოგადად, დემოკრატიის განვითარებას ქვეყანაში. სწორედ ამიტომ, ვიწყებთ სკოლების დეპოლიტიზების საზოგადოებრივ მოძრაობას განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანების უფლებების დასაცავად. პროექტის ფარგლებში, რეგიონებში გაჩნდებიან ადამიანები, რომლებიც უკეთ იცნობენ ადგილობრივ გამოწვევბს და კონტექსტის გათვალისწინებით შეძლებენ სასკოლო თემის ინტერესებისა და უფლებების დაცვას.“ – განაცხადა პროექტის მენეჯერმა, რევაზ აფხაზავამ.
„წლებია, ფონდი და ჩვენი პარტნიორები ვსაუბრობთ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის არამართლზომიერ გამოყენებაზე, მათ შორის, სკოლის პედაგოგებზე თუ დირექტორებზე ზეწოლაზე, პოლიტიკურ კამპანიაში მათი ჩართვის პრობლემებზე. პროექტის მხარდაჭერით გვსურს, ჩვენი პარტნიორების დახმარებით ხელი შევუწყოთ ამ ცუდი პრაქტიკის აღმოფხვრას და ზოგადი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნების დაცვას, სადაც ცალსახად ნათქვამია, რომ სკოლისა და სასკოლო საზოგადოების გამოყენება სხვადასხვა გზითა და მეთოდით პოლიტიკური აგიტაციისა თუ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მიზნით დაუშვებელია. ვიმედოვნებთ, ამ კუთხით, თვითმმართველობის არჩევნებამდე ბევრი ხარვეზი გამოსწორდება“ – ამბობს ქეთი ხუციშვილი ღია საზოგადოების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.
რეგიონული ნდობის ჯგუფები სკოლების დეპოლიტიზების მოძრაობის ნაწილი იქნება, რომელიც გრძელვადიანად იმუშავებენ სკოლაში დასაქმებული პირების პოლიტიკური უფლებების დაცვაზე. ასევე, ნდობის ჯგუფის წევრები აქტიურად გაავრცელებენ ინფორმაციას ზოგადი განათლების სისტემაში დასაქმებული პირების უფლებების, ვალდებულებების და სამართლებრივი შეზღუდვების შესახებ. ასეთი ჯგუფების არსებობა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციას, დროულ რეაგირებას, ადგილებზე მათი მხარდამჭერი ღონისძიებების განხორცილებას და დეპოლიტიზების პრობლემისადმი სისტემური მიდგომის ფორმირებას.
პროექტის „რეგიონული ნდობის ჯგუფები სკოლების დეპოლიტიზებისთვის“ პარტნიორები არიან აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი.