განათლების მინისტრმა ივანიშვილი თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა

პუბლიკა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ” და ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი ეროვნული კულტურის შესახებ მეცნიერული ნაშრომის პრეზენტაციას მართავს, რომელსაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

“ყველა ადამიანი, რომელიც აგროვებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი კულტურის საუნჯეს და თვალის ჩინივით უფრთხილდება მას, ჩემთვის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია. ასეთი ადამიანია ჩვენი დიდი ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი. ასეთი ადამიანია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ საშვილიშვილო და პატრიოტული საქმეების კეთების გარანტად დგას.

პოლიფონიური ნიმუშების შეგროვებაზე გამახსენდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იუსტორია, რომელიც დაკავშირებულია საგურამოში, ჯიღაურას უნიკალურ მეურნეობასთან. შეიძლება, ბევრმა თქვენგანმა არ იცის ამის შესახებ – იქ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და ქართუ ფონდმა გადაარჩინეს ჩვენი ქართული ვაზის უნიკალური ჯიშები. როდესაც წინა ხელისუფლების დროს ვაზი იჩეხებოდა, მაშინ ბატონი ბიძინა ახარებდა ვაზს, უფასოდ არიგებდა ნერგებს და მომავალ თაობებს უნარჩუნებდა უნიკალურ ჯიშებს. უღრმესი მადლობა ბატონ ბიძინას და ყველა ადამიანს, რომელიც ასე ღირსეულად აგრძელებს დიდი ექვთიმე თაყაიშვილის საშვილიშვილო საქმეს”, — განაცხადა მინისტრმა.