განათლების სამინისტრო სიფრთხილისკენ მედიას მოუწოდებს | წარწერა სკოლის დაფაზე

პუბლიკა

განათლების სამინისტრო ეხმაურება თბილისის ერთ-ერთი სკოლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

სამინისტრო წერს, რომ ზოგიერთი მედიასაშუალების ეთერში ორი დღეა ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია ახალგაზრდებში კრიმინალური იდეოლოგიის არსებობის შესახებ, რითიც, მათი თქმით, მოხდა ამ ნიშნით სკოლის მოსწავლეთა დისკრედიტაცია და მოზარდებში კრიმინალური სამყაროს პოპულარიზაცია.

„ასეთმა არაჯანსაღმა და არაპროფესიონალურმა ინფორმაციულმა ზეწოლამ კონკრეტული სკოლის კონკრეტული მოსწავლე რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩააყენა. ასევე, მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან მისი თანაკლასელები.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ მოვალეობას ბავშვთა უფლებების დაცვა და სკოლებში ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნა წარმოადგენს. ამ პროცესში განათლების სისტემაში შემავალი ყველა რგოლი აქტიურად მონაწილეობს.

მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, განსაკუთრებული სიფრთხილე და პროფესიონალიზმი გამოიჩინონ მოზარდებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გაშუქებისას, არ დაარღვიონ მათი უფლებები, რათა ზიანი არ მიადგეს ბავშვების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დიდი ყურადღება ეთმობა ჯანსაღი და პოზიტიური გარემოს შექმნაზე მუშაობას, რაშიც, თავის მხრივ, აქტიურად არის ჩართული მანდატურის სამსახური – როგორც მანდატურები, ისე ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი. ამ მიმართულებით სკოლებში არაერთი პროგრამა ხორციელდება. ჩვენთვის უმთავრესია მოზარდებში სწორი ღირებულებებისა და თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბება, მათი სრულყოფილ პიროვნებებად აღზრდა”,  – ნათქვამია განცხადებაში.

„Жизнь ворам” („ქურდებს სიცოცხლე”) – 19 მაისს, მანდატურის სამსახურის უფროსი ერთ-ერთ სკოლაში მივიდა, სადაც დაფაზე ეს ფრაზა ეწერა.