განათლების სამინისტრო თავისი გამოცდით მივა აბიტურიენტთან – გახარია

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე კოვიდინფიცირებულ აბიტურიენტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის დარჩენილ გამოცდას ჩააბარებს მკურნალობის პირობებში.

გუშინ განათლების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა მიეცემა.

„აბიტურიენტები და მათი მშობლები საკმაოდ დაძაბულები არიან ამ პერიოდში. განათლების სამინისტრო ინფექციისა და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, კომფორტულ პირობებს უქმნის აბიტურიენტებს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვქონდა ერთი შემთხვევა, როდესაც აბიტურიენტი გამოცდების ჩაბარების დროს აღმოჩნდა ინფიცირებული  და დღეს მკურნალობს.

რა თქმა უნდა, მის ჯანმრთელობას არაფერი არ ემუქრება, მაგრამ ჩვენ გავერკვიეთ და ეს არის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე, რომელსაც დარჩა 1 გამოცდა. საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება და იგი ამ დარჩენილ ერთ გამოცდასაც ჩააბარებს ოღონდ მკურნალობის პირობებში. ეს არის შეთანხმებული, როგორც ეპიდემიოლოგებთან, ასევე ექიმებთან და განათლების სამინისტრო თავისი გამოცდით მივა აბიტურიენტთან იმისთვის, რომ მან არ დაკარგო ერთი წელი და შეეძლოს, გააგრძელოს სწავლა“, – განაცხადა დღეს გიორგი გახარიამ.