განათლების სამინისტრო თსუ-ს სტუდენტების პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტთან დაკავშირებით, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულებას ითხოვენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოუწოდებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, მაქსიმალურად გაითვალისწინოს სტუდენტების მდგომარეობა – უზრუნველყოს სტუდენტურ საცხოვრებელში თავისუფალი ადგილების ათვისება, მათი განთავსება და 2021-2022 სასწავლო წლის ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულება.
მოგეხსენებათ, უნივერსიტეტები საკუთარი ავტონომიურობის ფარგლებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით თავადვე იღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქსიმალურად გაითვალისწინებს სტუდენტების მოთხოვნებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“.
თსუ-ში 2 მაისიდან (ანუ დარჩენილი ნახევარი სემესტრი) უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი სრულად აუდიტორიაში გადავიდა.
სტუდენტები მოითხოვენ, რომ დარჩენილ პერიოდშიც იყოს შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, დისტანციურად ისწავლონ, ვინაიდან აუდიტორიაში დაბრუნება ბევრისთვის უამრავ სოციალურ-ეკონომიკურ ბარიერთანაა დაკავშირებული, რომლის მოგვარებაც სტუდენტებისთვის მიცემულ პერიოდში ვერ მოხდება.
მათი თქმით, რეგიონში მცხოვრები სტუდენტები 2 თვის გამო ჩამოსვლას ვერ ახერხებენ, აწყდებიან ბევრ ბარიერს გაძვირებული ქირის გამო. სტუდენტები დღის წესრიგში ასევე აყენებენ უნივერსიტეტში საბინაო პოლიტიკის მოგვარების საკითხსაც.
უნივერსიტეტის განცხადებით, კი სრული სააუდიტორიო სწავლება განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი გადაწყვეტილებაა, რადგან, მათი თქმით, ვერანაირი სხვა ფორმატი – ვერც სრულად დისტანციური და ვერც ჰიბრიდული – ვერ იძლევა სწავლა-სწავლების საჭირო ხარისხს.