განათლების სამინისტრომ უნდა მიიღოს ზომები სტატუსშეჩერებული სტუდენტების მხარდასაჭერად - EMC

პუბლიკა

EMC ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შექმნილი კრიზისის გამო სტუდენტების ნაწილი ვერ ახერხებს სწავლის გადასახადის დაფარვას და მოუწოდებს განათლების სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას მიიღოს ყველა ზომა უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

„პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო საქართველოს მოქალაქეების მნიშვნელოვანმა ნაწილმა მათ შორის სტუდენტმა და მათმა ოჯახის წევრებმა ხელფასი ან შემოსავალი დაკარგეს. სტუდენტების დიდი ნაწილი, როგორც წესი, მომსახურების სექტორში დაბალანაზღაურებად პოზიციებზეა დასაქმებული, რის გამოც, მათ უმრავლესობას დანაზოგი არ აქვს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ბოლო წლებში მწვავედ დგას სტატუსშეჩერებული სტუდენტების მზარდი მაჩვენებელი. თუმცა, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებამ სწავლის გადასახადის დაფარვის შესაძლებლობები კიდევ უფრო შეამცირა“, – ნათქვამია განცახდებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და განათლების სამინისტროს:

შეისწავლოს სტუდენტების მიერ სტატუსის შეჩერების მიზეზები და უმაღლესი განათლების თანაბარი მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები იმ სტუდენტების სათანადო მხარდაჭერისათვის, რომლებიც ეკონომიკური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებენ სწავლის გადასახადის დაფარვას;

სიღრმისეულად შეისწავლოს სტუდენტების საჭიროებები, შექმნილი კრიზისის ზეგავლენის ხასიათი და მასშტაბი სტუდენტების სხვადასხვა ჯგუფზე და შეიმუშავოს გრძელვადიანი პოლიტიკა უმაღლესი განათლების სისტემაში პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შესამცირებლად და თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად.