ნატო ჯერმიზაშვილმა და ბარბარა ჯაბანიშვილმა გასულ წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარეს. ერთი ინგლისური ფილოლოგიის, მეორე კი ტურიზმის მიმართულებით სწავლობს. ორივე მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან არის, ორივემ დუშეთის მუნიციპალიტეტში დაამთავრა სკოლა. თანაც, ბოლო სამი წელი კი არა, მთელი 12 წელი ისწავლეს მთის სკოლებში, რადგან ოჯახებით იქ ცხოვრობენ: ნატო ხადის ხეობაში, წკერე-ბედონში და ბარბარა კი უკანა ფშავში, სოფელ თხილიანაში. სკოლები მეზობელ სოფლებში დაამთავრეს: ერთმა ქვეშეთის, მეორემ კი – შუაფხოს საჯარო სკოლა.
ორივე, ნატოც და ბარბარაც, მრავალშვილიანი ოჯახის შვილია. ნატოს მშობლებს შვიდი, ბარბარეს ოჯახს კი ათი შვილი ჰყავს. ორივე ოჯახი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნება.
სექტემბრის დასაწყისში გოგონების ოჯახებმა უნივერსიტეტში ერთი სემესტრის საფასური გადაიხადეს. იცოდნენ, როგორც მთიანი რეგიონისა და მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენლებისთვის, განათლება სახელმწიფოს უნდა დაეფინანსებინა და დეკემბერში თანხა დაუბრუნდებოდათ.
თუმცა ვერც ბარბარა და ვერც ნატო ვერ მოხვდნენ იმ სტუდენტთა შორის, რომელთაც სოციალური გრანტი მიიღეს.
ახლა ორივე ოჯახი დგას პრობლემის წინაშე: გოგონებმა მეორე სემესტრის საგნები რომ აირჩიონ, ანუ სწავლა გააგრძელონ, მეორე სემესტრის გადასახადი, ანუ 1125 ლარი უნდა გადაიხადონ.
„აქამდე ასე იყო, რომ ყველა ახალგაზრდა, ვინც ჩვენი სოფლებიდან უნივერსიტეტში აბარებდა, უპრობლემოდ ფინანსდებოდა. ჩვენც შევიტანეთ განცხადება. სექტემბერში ნატო უნივერსიტეტში რომ დაეშვათ, ერთი სემესტრის, 1125 ლარი გადავიხადე. ეს თანხა არც მქონდა და ბანკიდან გამოვიტანე. მთელი წლით გავაკეთებინე სესხი და ვიხდი ახლაც. ვიცოდი, რომ დეკემბრის ბოლოს, გრანტს რომ მიიღებდა, თანხა უკან დაგვიბრუნებოდა. იანვრის ბოლოს უარი მივიღეთ. ახლა არ ვიცი, როგორ მოვიქცე? კი მივმართე გუბერნატორს, მაგრამ არ ვიცი, რა იქნება“, – ამბობს ნატოს დედა, მარიკა ქავთარაძე.
2019 წლის 20 აგვისტოს მთავრობის #401 დადგენილებით განისაზღვრა დასაფინანსებელი კატეგორიები და ქვეკატეგორიები, ასევე – დაფინანსების წესი.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებგვერდზე დევს მინისტრ ბატიაშვილის 2019 წლის 2 სექტემბრის ბრძანება #1109. ბრძანებაში მითითებულია იმ ჯგუფების შესახებ, რომელთაც უმაღლეს სასწავლებელში ეკუთვნით სოციალური გრანტი. ასევე აღნიშნულია, რა საბუთები უნდა წარედგინათ სტუდენტებს 30 სექტემბრამდე გრანტის მოსაპოვებლად.
ვებგვერდზე დევს ინფორმაცია – სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება ბაკალავრებისთვის. სადაც დეტალურად არის მოცემული ადგილების რაოდენობა ცალკეული ჯგუფისთვის.
ამ ინფორმაციით, 2019-2020 სასწავლო წლისთვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინასებისთვის გამოყოფილია 2 520 000 (ორი მილიონ ხუთას ოცი ათასი) ლარი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.
ვის შეუძლია, მიიღოს სოციალური გრანტი?
ვებგვერდზე ვრცელი ჩამონათვალია, რომლის მიხედვითაც, გრანტი ეკუთვნის მთიანი რეგიონების წარმომადგენლებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს, ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა შვილებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ობლებს, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახის შვილებს…
შევეხოთ რამდენიმე პუნქტს, რომლებიც გოგონებს უფლებას აძლევდა, მოეთხოვათ და მიეღოთ უნივერსიტეტში სწავლის დაფინანსება.
სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, გრანტი ეძლევა:
226 სტუდენტს, რომლებიც „ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილებით დამტკიცებული მაღალმთიან დასახლებაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში“.
ადგილები განაწილებულია საქართველოს რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვითაც. უფრო კონკრეტულად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე მოდის 41 ადგილი, გურიაზე – 2, იმერეთზე – 12, კახეთზე – 19 (აქედან 15 პანკისის ხეობაზე), მცხეთა-მთიანეთზე – 14, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთზე – 15, სამეგრელო-ზემო სვანეთზე – 8, ქვემო ქართლზე – 27, შიდა ქართლზე – 9, ხოლო სამცხე-ჯავახეთზე – 79.
თავად ეს განაწილებაც აჩენს კითხვის ნიშნებს. საკითხავია, რას ემყარება განაწილება.
სიაში არსებობს სხვა პუნქტიც, რომლის ფარგლებშიც გოგონებს ასევე უფლება ჰქონდათ, მოეთხოვათ სოციალური გრანტი:
დაფინანსებისას 100 ადგილი გამოყოფილია მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახის შვილებისთვის.
საქართველოს მთაშიც და ბარშიც ძალიან იშვიათად არის დღეს ოჯახი, რომელსაც შვიდი ან ათი შვილი ჰყავს. ასეთი ოჯახის შვილებს, ცხადია, ნაკლები საშუალება აქვთ, დამატებით რეპეტიტორებთან იარონ.
გარდა ამისა, დღევანდელ პირობებში, როცა ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილს თავი ძლივს გააქვს, მრავალშვილიანი ოჯახები ძალიან იშვიათად მიეკუთვნება ეკონომიკურად ძლიერ ოჯახებს და ორივე ეს ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში.
სოციალური გრანტი კი ასევე გათვალისწინებულია 170 სტუდენტისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 70 უტოლდება ან მასზე ნაკლებია.
თანხვედრა, რომ სტუდენტი თან მაღალმთიანი სოფლიდან იყოს, სკოლა იქ დაემთავრებინოს, მრავალშვილიანი ოჯახის შვილი იყოს და სოციალურად დაუცველიც, ალბათ ბევრიც არ იქნება.
გოგონებმა კი უარი მიიღეს:
„გაცნობებთ, რომ…. სოციალური პროგრამის ფარგლებში, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, აბსოლუტური ქულით რანჟირებული სიის შესაბამისად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან დაფინანსდა 14 სტუდენტი, რომელთა მიერ მოპოვებული საგრანტო ქულები შეადგენს 70060-სა და მეტს. ასევე მრავალშვილიანი ოჯახებიდან დაფინანსდა 100 სტუდენტი, რომელთა საგრანტო ქულები შეადგენს 74925-სა და მეტს. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია 239 სტუდენტი, რომელთა საგრანტო ქულები შეადგენს 70910-სა და მეტს, ხოლო თქვენ მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული საგრანტო ქულაა 69255.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თქვენ ვერ მოიპოვეთ სახელმწიფო სასწავლო გრანტი სოციალური პროგრამის ფარგლებში“, – ბარბარა ჯაბანიშვილისთვის გამოგზავნილ ამ პასუხს ხელს აწერს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის უფროსი ნინო წერეთელი. ის ამ შემთხვევაში, ცხადია, დადგენილებას, ციფრებსა და მონაცემებს ეყრდნობა.
იმავეს ამბობს ჩვენთან საუბრისას სამინისტროს მედიასთან კომუნიკაციის სამმართველოს უფროსი ანუკი კანკიაც: „მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლიდან სოციალური გრანტისთვის გამოყოფილი თანხები თითქმის გაორმაგდა, სამწუხაროდ, ყველა ახალგაზრდა ვერ ფინანსდება. სამინისტრო ასეთ დროს ხელმძღვანელობს კანონით დადგენილი კრიტერიუმით“. მისი განმარტებით, ჩარიცხვებისას გასათვალისწინებელია მაღალმთიან რეგიონებში არსებული სკოლებისა და კურსდამავრებულთა რაოდენობა, გამოცდების ცენტრში დარეგისტრირებულთა და უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულთა რაოდენობა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი და განათლების მინისტრი 11 დეკემბერს, მთის საერთაშორისო დღეს, ხშირად მთაში მოღვაწე ადამიანებს აჯილდოვებენ ხოლმე.
გამორიცხული არ არის, ერთ დღეს ირმა ცქიფაშვილიც დააჯილდოონ, შუაფხოს სკოლის დირექტორი და ათი შვილის დედა, რომლის შესახებ არაერთი სტატია და გადაცემა გაკეთებულა.
საქართველოში სკოლის დირექტორების საშუალო ხელფასი 570 ლარია. სწავლის საფასური კი უნივერისტეტში წელიწადში 2250 ლარი.
არადა, თუ სწავლა არ დაუფინანსდება, უკანა ფშავიდან ჩამოსულ წარმატებულ და მოტივირებულ, ათშვილიანი ოჯახის უფროს შვილს, ირმა ცქიფაშვილისა და ზაზა ჯაბანიშვილის, მარიკა ქავთარაძისა და მიხეილ ჯერმიზაშვილის უმცროს შვილებს, მთაში მცხოვრებ სხვა მოსწავლეებს დავაფიქრებთ იმის შესახებ – ისწავლონ თუ არა უმაღლეს სასწავლებელში.
ნატოსა და ბარბარას ოჯახებს ძალიან დიდ ტვირთად დააწვება შვილებისთვის სწავლის საფასურის გადახდა, რადგან ამ ოჯახებში კიდევ ბევრი ბავშვი ცხოვრობს. თან სწავლის საფასურის გარდა, სტუდენტს ქირის (თუ ახლობელთან არ რჩება), კვების, გზის ფული სჭირდება.
ნატომ და ბარბარამ ამ დღეებში უნდა აირჩიონ მეორე სემესტრის საგნები, მანამდე კი მათ სწავლის საფასური უნდა გადაიხადონ.