განათლების სისტემაში დასაქმებული 1 000-ზე მეტი ადამიანი „ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნება

პუბლიკა

განათლების სამინისტროში, სკოლებში, უნივერსიტეტებში, ბაღებში, რესურსცენტრებში, მანდატურის სამსახურში და სხვა სტრუქტურებში დასაქმებულები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და „ქართული ოცნების“ განცხადებას ემიჯნებიან. განცხადებას ხელს ამ დროისთვის 1 000-ზე მეტი ადამიანი აწერს. ხელმომწერების სია განახლებადია.

“საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მისი სისტემის თანამშრომლების განცხადება: ჩვენ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მისი სისტემის თანამშრომლები, საჯარო მოსამსახურეები წლების მანძილზე ვემსახურებით დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნულ ინტერესს. ჩვენთვის ეს გულისხმობს ევროპული განათლების სისტემის შენებას, რომელიც შექმნის თანაბარ შესაძლებლობებს თითოეული ადამიანისათვის, კონკურენტუნარიანს გახდის ქართველ ახალგაზრდასა და მეცნიერს, მისცემს შესაძლებლობას შეუერთდეს მაღალი სტანდარტების სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეს და უზრუნველყოს საქართველოს დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს შენება-გაძლიერება. ვთვლით, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გუშინდელი განცხადება არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ვაცხადებთ, რომ ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი“, – წერია განცხადებაში.

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ „ქართული ოცნება” გაწევრების შესახებ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს. მისი თქმით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ  ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

ამ გადაწყვეტილებას მეოთხე დღეა თბილისსა და სხვა ქალაქებში მოქალაქეები აპროტესტებენ. პარლამენტთან აქციებზე ჯამში 150-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. სპეცრაზმი იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლმდენ გაზს, წიწაკის სპრეის, სცემს აქციის მონაწილეებს.