განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფაზე გადაწყვეტილება დიდი ხანია, მიღებულია – მარგველაშვილი

პუბლიკა

განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გენადი მარგველაშვილის თქმით, განათლების და კულტურის სამინისტროების კვლავ გაყოფასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამის შესახებ მან „პუბლიკას“ განუცხადა.

„მთავრობაში გადაწყვეტილება დიდი ხანია, მიღებულია. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი. უბრალოდ ეს პრემიერის პრეროგატივაა და ის დაანონსებს. ამაზე დეკემბერშიც და მანამდეც სერიოზული მსჯელობა იყო. მე ვემხრობი, რომ უნდა გაიყოს, რომ რაც შეიძლება ეფექტიანი იყოს საქმიანობა ორივე სამინისტროსი. კულტურას მეტი ყურადღება სჭირდება. განათლების სამინისტრო ბევრი გამოწვევის წინაშეა და არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. იგივე ნაბიჯია გადასადგმელი კულტურის სფეროში და ერთი სამინისტროს ქვეშ  მართვა რთულია. მინისტრიც თანახმა იყო.“ – განუცხადა გენადი მარგველაშვილმა „პუბლიკას“

მთავრობის ადმინისტრაციაში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, 2018 წელს, სამთავრობო ცვლილებების მიხედვით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს შეუერთდა.