„უფრო უპრიანი ხომ არ არის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწოდებოდეს საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროდ?” – ამგვარი ინიციატივით, შეკითხვის ფორმით გამოვიდა „ევროპელი სოციალისტების” წევრი დავით ზილფიმიანი.
მისი თქმით, ასე ჟღერადობისთვის უკეთესია და სხვა ქვეყნებშიც ჯერ მეცნიერებაა დასახელებული.
„თუ საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ, ეს ბევრს არაფერს შეცვლიდა” – ამბობს დეპუტატი.
პარლამენტის თავმჯდომარემ მას უპასუხა, რომ კანონს უკვე მესამე მოსმენით განხილავენ და, სამწუხაროდ, ამგვარი ცვლილება ვეღარ შევა.
პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა მიმდინარეობს. განიხილავენ კანონის პროექტს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზებას. კერძოდ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო რეორგანიზებულ იქნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდ და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდ.