განცხადება კანონპროექტის გამოთხოვასთან დაკავშირებით კარგი ნიშანია - ბორელი რუსულ კანონზე

პუბლიკა

„უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ კანონპროექტის გამოთხოვასთან დაკავშირებული განცხადება კარგი ნიშანია, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი „ტვიტერზე“ წერს.

„საქართველომ ქუჩაში გამოხატა დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებისადმი საკუთარი მისწრაფება. ეს მშვიდობიანი პროტესტი იყო ძლიერი და სანახავად ემოციური. განცხადება „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ კანონპროექტის გამოთხოვასთან დაკავშირებით კარგი ნიშანია. ახლა უნდა ვკონცენტრირდეთ პროცედურულ ნაბიჯებზე, რომლის გაყოლაც აუცილებელია“, – წერს ჯოზეფ ბორელი.

თბილისში ორდღიანი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, მმართველმა პარტიამ თქვა, რომ გაიწვევენ პარლამენტიდან რუსულ კანონპროექტებს.

7 მარტს, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და მიიღო პირველი მოსმენით რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით დაშალა. დააკავეს ათობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ შეწყვეტილა.

8 მარტს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ფართომასშტაბიანი აქციის დასაშლელად კვლავ სპეცრზამის დანაყოფები გამოვიდნენ. დაშავდნენ მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, მათი თანამშღომლებიც. 7-8 მარტს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ 133 ადამიანი დააკავა.