განცხადება მიკერძოებულია და კონკრეტული კომპანიის ინტერესს უკავშირდება – ვოლსკი კონგრესმენის წერილზე

პუბლიკა

ამერიკელი კონგრესმენის კრიტიკულ წერილს, რომელიც რესპუბლიკელმა მარკუეინ მალინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გამოუგზავნა, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა.

მისი ინფორმაციით, წერილში ნახსენებ ერთ კონკრეტულ ამერიკულ კომპანიასთან დაკავშირებით შეკითხვები არსებობს და დავა საარბიტრაჟო სასამართლოში მიდის.

გარდა ამისა, ვოლსკის შეფასებით, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა.

„კონკრეტულად, კონგრესმენის განცხადება ახალი არ არის. 2017-შიც იყო ეს განცხადება. რეზოლუციაც მოამზადა, თუმცა არ განხილულა იმიტომ, რომ უსაფუძვლოა და კონკრეტულად ერთ კომპანიას – „ფრონტერას“ უკავშირდება. იგი 1994 წლიდან ოპერირებს საქართველოში და ლაპარაკობს,  რომ გაზის დიდი მარაგი არსებობს ჩვენ ქვეყანაში, თუმცა ამის შესახებ, ჯერჯერობით, არავის არაფერი სმენია.

ნავთობისა და გაზის კორპორაცია, ალბათ, უფრო ზუსტად იტყვის. სტოკჰოლმის არბიტრაჟში მიმდინარეობს კომერციული დავა და როგორ დამთავრდება, ეს იქნება გასათვალისწინებელი. ასე რომ, ვფიქრობ, განცხადება არის მიკერძოებული და კონკრეტული კომპანიის ინტერესს უკავშირდება.

დემოკრატიული სტანდარტები რომ არა, ურთიერთობის ასეთი ხარისხი ამერიკასა და საქართველოს შორის არ იქნებოდა. ნებისმიერ სფეროში ჩვენი ურთიერთობა არის უმაღლეს დონეზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენმა, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, მარკვეინ მალინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას სოციალურ ქსელში წერილით  მიმართა.

წერილში კონგრესმენი გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებიდან „განგრძობადი გადახვევის“ გამო. ამავე წერილში საუბარია ქვეყანაში „პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის არსებულ გაუარესებულ ეკონომიკურ კლიმატზე“.