განცხადება შეეხებოდა „მწვანე საშვების” გაუქმების შესახებ განმარტებას - გაბუნია პრემიერზე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია პრემიერ-მინისტრის განცხადების საპასუხოდ აცხადებს, რომ პრემიერმა ეს განცხადება „მწვანე საშვების“ გაუქმების მიზანშეწონილობის კონტექსტში გააკეთა.

„განცხადება შეეხებოდა „მწვანე საშვების” გაუქმების შესახებ განმარტებას და იმას, რომ „მწვანე საშვის“ მოქმედება „ომიკრონის“ პირობებში, პრაქტიკულად, აზრს რომ კარგავდა, ამაზე ჯანდაცვის სამინისტრომ არაერთხელ გააკეთა კომენტარი. საქმე შეეხება იმას, რომ გადატანილის სტატუსი და ვაქცინაცია აღარ არის „ომიკრონის“  პირობებში გარანტია იმისთვის, რომ პირი არ დაინფიცირდეს, ამდენად „მწვანე საშვის“ შეჩერების გადაწყვეტილება საბჭომ მიიღო უკვე რამდენიმე კვირის წინ“, – განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ვაქცინა „ომიკრონის“ გადაცემისგან ნაკლებად იცავს, თუმცა იცავს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალებისგან.

მისივე მტკიცებით, მთავრობა და „ყველა დაინტერესებული მხარე“ აქტიურად აგრძელებს ვაქცინაციის კამპანიას.

„დაავადებათა კონტროლის ერვონული ცენტრის“ მოწოდებით, აცრა იცავს დაავადებას გართულებისგან, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს ამცირებს, აზღვევს რეანიმაციისგან და იცავს, რომ არ დადგეს ლეტალური შედეგი.

არავაქცინირებული პირები მნიშვნელოვნად მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

NCDC-ის ცნობით:

  • დადასტურებულ შემთხვევათა 88.7 % არ იყო ვაქცინირებული;
  • ჰოსპიტალიზირებულთა 93.6% არ იყო ვაქცინირებული;
  • კრიტიკული მოვლის საჭიროების მქონეთა 96% არ იყო ვაქცინირებული;
  • გარდაცვლილთა 96.2% არ იყო ვაქცინირებული;