„განცხადებაზე ხელმოწერას არ ვაპირებ, მუზეუმში სამუშაო კიდევ ბევრი დამრჩა“, – ამის შესახებ არქეოლოგი იულონ გაგოშიძე „პუბლიკასთან” საუბრისას აცხადებს.
გუშინ, 27 აპრილს სოციალურ ქსელში იულონ გაგოშიძის სახელით შედგენილი განცხადება გავრცელდა, სადაც ის ეროვნული მუზეუმის დირექტორს გათავისუფლებას სთხოვს. „გთხოვთ, გამათავისუფლოთ სამსახურიდან 2022 წლის პირველი ივნისიდან”, – წერია ფურცელზე.
თუმცა, როგორც იულონ გაგოშიძე „პუბლიკასთან“ აცხადებს, გაგოშიძის სახელზე შედგენილი განცხადება მას მუზეუმის კანცელარიაში გადასცეს და ხელის მოწერა სთხოვეს.
როგორც გაგოშიძე ამბობს, ეროვნულ მუზეუმში რეორგანიზაცია დაიწყო, რის შესახებაც 31 მარტს მუზეუმის დირექტორატი (მათ შორის იყო მინისტრ წულუკიანის კადრი, მუზეუმის დირექტორის მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი) შეხვდა მუზეუმის კონსულტანტებს, რა დროსაც მათ განუცხადეს, რომ ისინი კონსულტანტობის პოზიციიდან თავისუფლდებოდნენ.
გაგოშიძის თქმით, შეხვედრაზე კონსულტანტებს ასევე განუმარტეს, რომ მათ ხელი არ შეეშლებოდათ კვლევით სამუშაოებში, თუ ფონდებში შესვლა დასჭირდებოდათ და ა.შ.
როგორც ის ამბობს, მისი სახელით დაწერილი განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, არის კანონის დარღვევა და ის განცხადებას ხელს არ მოაწერს.
არქეოლოგის განცხადებით, მან იმავე დღეს ეროვნული მუზეუმის დირექტორატს გაუგზავნა მოხსენებითი ბარათი, სადაც ის აღწერს იმ გარემოებებს, რომელთა გამოც არ მოაწერს ხელს გათავისუფლების შესახებ მისთვის კანცელარიიდან გადაცემულ განცხადებას. გაგოშიძემ წერილი „პუბლიკას“ მიაწოდა.
გაგოშიძის მიერ მოწოდებულ წერილში აღწერილია შეხვედრის სხვა დეტალებიც. როგორც წერილიდან ირკვევა, დირექტორატმა კონსულტანტებთან შეხვედრაზე თქვა, რომ მუზეუმი, ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, მუზეუმის კონსულტანტებს ვერ გადაუხდის ყოველთვიურ სარგოს, 160 ლარს.
„ამის შემდეგ დაგვირიგეს თაბახის თითო ფურცელი, რომელზეც დაბეჭდილი ტექსტი ასეა დასათაურებული: „მიმართვა კონსულტანტებს“. ტექსტი გვამცნობს, რომ „კონსულტანტებს მიენიჭებათ უფლება და პრივილეგიები“… ეს ტექსტი არც მუზეუმის ბლანკზეა დაბეჭდილი, არც ხელმოწერილი და არც ბეჭედდასმული, კიდევ მეტი, მას გაცემის თარიღიც კი არ აქვს. ასე რომ, ეს „დოკუმენტი“ მხოლოდ ფარატინა ქაღალდია, რომელსაც ვერსად წარადგენ და რომლითაც ვერც ვერავის მოსთხოვ პასუხს აქ ჩამოთვლილი პუნქტების არშესრულების შემთხვევაში.
მაგრამ, დავუშვათ, რომ ეს წერილი ფორმალურად სრულყოფილი იურიდიული დოკუმენტია, მაშინ ჩნდება კითხვა: კონსულტანტებს რომ გვანიჭებთ მთელ რიგ უფლებებს, განა აქამდე ეს უფლებები არ გვქონდა?“, – აცხადებს მუზეუმისადმი გაგზავნილ წერილში იულონ გაგოშიძე.
გაგოშიძის თქმით, ის მუზეუმში 1958 წლიდან მუშაობს და მან მუზეუმში გაიარა სამეცნიერო კარიერის სრული გზა – ასპირანტობიდან მთავარ მეცნიერ-თანამშრომლობამდე. როგორც ის ამბობს, კონსულტანტებს სარგებელი მოაქვთ მუზეუმისთვის, აქვთ გაწერილი თავიანთი უფლება-მოვალეობები და ის ჯერ კიდევ არის სხვადასხვა პროექტში ჩართული.
მისი თქმით, მას სამუზეუმო სივრცე სჭირდება დაწყებული სამუშაოების დასასრულებლად. მაგ: 1972 წელს მისივე ხელმძღვანელობით დედოფლის მინდორზე სატაძრო კომპლექსის აღმოჩენასთან დაკავშირებით მას აქვს ვრცელი მოხსენება დასაწერი, რომელიც სამუზეუმო სივრცეში მუშაობას საჭიროებს. როგორ ის აღნიშნავს, კონსულტანტობა – ეს იყო მუზეუმის ადმინისტრაციის მხრიდან ძველი მუზეუმელებისა და მეცნიერების ღვაწლის დაფასებაც.
„კონსულტანტად გადაყვანის შემდეგაც ჩემი სამუზეუმო საქმიანობა არ შეცვლილა: დღესაც ვარ წევრი სამეცნიერო-კვლევითი პროექტისა, რომელიც უნდა დამთავრდეს 2023 წელს; ვარ ხელმძღვანელი გუმბათის ქართულ- გერმანული არქეოლოგიური ექსპედიციისა, რომელიც მოქმედებს ეროვნულ მუზეუმსა და მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტს შორის დადებული მრავალწლიანი ხელშეკრულების საფუძველზე; ჩემი ხელმძღვანელობით შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში წარდგენილია პროექტი ფუნდამენტური კვლევების გრანტის მისაღებად“, – ამბობს ის.
რამდენად კანონიერია, დამსაქმებელმა დასაქმებულის სახელით დაწეროს განცხადება და მოითხოვოს სამსახურიდან გათავისუფლება? – ამ შეკითხვით „პუბლიკამ“ იურისტ სულხან სალაძეს მიმართა.
სულხან სალაძის შეფასებით, თუ გაგოშიძესთან დაკავშირებით გავრცელებული წერილი სიმართლეს შეესაბამება, ეს არის გაგრძელება იმ „უკანონო პროცესების, რომლებიც კულტურის სამინისტროში თეა წულუკიანის მისვლის შემდეგ დაიწყო“.
მისი თქმით, როდესაც რომელიმე ორგანიზაციაში რეორგანიზაცია იწყება, პროცესის შესახებ გაფრთხილებას იღებენ თანამშრომლები და ეს არ გულისხმობს თანამშრომლის სახელზე დაწერილ იმგვარ განცხადებას, რომელიც იულონ გაგოშიძეს გადაეცა.
„თუ დასაქმებული რეორგანიზაციის პირობებში ათავისუფლებს პირს – ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამას შეიძლება სამართლებრივი გაგრძელება არ მოჰყვეს და ეს გადაწყვეტილება ცუდად არ დაუბრუნდეს უკან დამსაქმებელს. სამართლებრივი დავის შემთხვევაში დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს პირის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების რელევანტურობა.
წარმოუდგენელია, რომ დამსაქმებელი დასაქმებულის სახელით წერდეს განცხადებას და მხოლოდ ხელმოწერა იყოს საჭირო. დამსაქმებელს აქვს ბერკეტები, რის საფუძველზეც შეუძლია დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება. როგორც ჩანს, ისინი მიიჩნევენ, რომ კადრების მოშორების ყველაზე კარგი გზა არის ეს. წესით, არავინ ასეთ განცხადებას ხელი არ უნდა მოაწეროს“, – თქვა სალაძემ.