განიხილება, რომ უნივერსიტეტში მიღების დროს სკოლის ქულებიც გაითვალისწინონ - ჩხენკელი

პუბლიკა

განათლების მინისტრობის კანდიდატმა, მიხელ ჩხენკელმა პარლამენტში, კომიტეტის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას ეროვნული გამოცდების რეფორმის საჭიროებაზე ისაუბრა.

„ეროვნული გამოცდების ფორმა, რომელიც ახლა გვაქვს, აუცილებლად საჭიროებს რეფორმას არა მხოლოდ სტრუქტურის კუთხით, არამედ შინაარსობრივად… ჩვენ ვიხილავთ ასეთ მიდგომას, რომ რეფორმირებული ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად გაითვალისწინონ სხვა კომპონენტებიც… როგორიცაა, საშუალო ნიშანი ან რეკომენდაციები, ან შესაძლებელი იყოს კლასგარეშე მუშაობის გათვალისწინება.. მე ჩამოვთვალე ის მეთოდები, რაც ამერიკაშია და კარგად მუშაობს ამერიკის უმაღლესებისთვის… ჩვენც შეგვიძლია ანალოგიური მოდელი დავნერგოთ“, – განაცხადა ჩხენკელმა.

ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე დღეს უყრის კენჭს.