განიხილება სანქციები მათ წინააღმდეგაც, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაშია მხილებული - ო'ბრაიენი

პუბლიკა

მასალა მომზადებულია  „ამერიკის ხმის“ მიერ.

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებით, საქართველოში სანქციები შეიძლება დაუწესდეთ არა მხოლოდ მათ,  ვინც კორუფციით სარგებელს იღებს, ასევე მათ, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაშია მხილებული.

ამის შესახებ ო’ბრაიენმა შეერთებული შტატების სენატში მიმდინარე მოსმენაზე განაცხადა.

რას ამბობს ო’ბრაიენი?

„როგორც ჩანს, საქართველოში არის ელიტები, რომლებიც თითქოს სხვა მოსახლეობას ხედავენ. ისინი ზურგს აქცევენ ევროკავშირისა და ნატოსკენ თავის გზას. სინამდვილეში, ამ პარტიამ [„ქართულმა ოცნებამ“] ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი თავის კონსტიტუციაში შეიტანა. ახლა კი სხვა მიმართულებით მიდის. რატომ? ეს ცოტა ძნელი გასარკვევია. ჩვენ ვცდილობთ, ძალიან მკაფიონი ვიყოთ იმის თაობაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს და რამდენად მნიშვნელოვანია ეს. რადგან საქართველო ითხოვს შეუერთდეს იმ კლუბებს, რომელთაგან ერთის წევრი ვართ, მეორე კი – ჩვენი მთავარი პარტნიორია. და ისინი ვერ შეცვლიან, ვერ გადაწერენ იმ წესებს, რომლებიც ამ კლუბებში გაწევრიანებისთვისაა საჭიროა“, – თქვა ჯიმ ო’ბრაიენმა და განმარტა ის ნაბიჯები, რაც ამერიკის ხელისუფლებამ გადადგა.

„საქართველოსთვის ჩვენი ყველანაირი დახმარება გადახედვის პროცესშია. ჩვენ ძალიან გვინდა მხარი დავუჭიროთ ყველაფერს, რაც ამ შემოდგომაზე თავისუფალ და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნებს შეუწყობს ხელს… მაგრამ, გვინდა მკაფიოდ ვუთხრათ მმართველ პარტიას, რომ იქნება რეალური შედეგები… პენტაგონმა განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო წვრთნები“, – ამბობს ო’ბრაიენი.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ევროკავშირის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ბლოკის განმარტებით, საქართველოს გზა გაწევრიანებისკენ, ფაქტობრივად, შეჩერებულია და ეს, შესაძლოა, ფორმალურად რამდენიმე თვეში გადაიხედოს.

რაც შეეხება შემდგომ სანქციებს, ო’ბრაიენი ამბობს, რომ ამ მიმართულებით მსჯელობა და განხილვა გრძელდება და ამ ეტაპზე ამაზე ვერ ისაუბრებს. თუმცა, მისი თქმით, შემდგომი სანქციების ობიექტებად განიხილებიან არა მხოლოდ ისინი, ვინც კორუფციით სარგებელს იღებს, არამედ ასევე განიხილება სანქციები მათ წინააღმდეგაც, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაშია მხილებული.

ამასთან ო’ბრაიენი აღნიშნავს, რომ აუცილებლად ნათელი უნდა იყოს საქართველოს მმართველი გუნდისთვის ის, რომ არსებობს გზა უკან:

„თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობის გარეშე. რაც შეეხება უცხოეთის აგენტების კანონს, რა გამჭვირვალობის რეგულაციებიც სურთ, გახადონ ის ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისი და არა – რუსეთის კანონმდებლობის. არ მისცენ ჩინეთს საშუალება, ააშენოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. ესაა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოსგან მნიშვნელოვანია”, – აცხადებს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯეიმს ო’ბრაიენი.

ო’ბრაიენმა კონგრესის ძალისხმევის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი, რათა ნათელი იყოს, რომ ამ საკითხზე ორპარტიული თანხმობა არსებობს და დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს ერთგულ მეგობრებს მიაჩნიათ, რომ ეს მცდარი გზაა.

ჯიმ ო’ბრაიენმა დასძინა, რომ ამ პროცესებით კმაყოფილი მხოლოდ მოსკოვია:

„ერთადერთი. ვინც ამ მიმართულებით ძალიან ბედნიერი ჩანს, რუსეთია. თუკი დააკვირდებით მათი წამყვანი პროპაგანდისტების განცხადებებს, ისინი მიესალმებიან ამ მიმართულებას“, – თქვა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.

სენატში მიმდინარე მოსმენის სხვა დეტალები

ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, „ევროპის მომავალზე“ მსჯელობენ. ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის წინაშე, ჯეიმს ო’ბრაიენი წარდგა. ამ წუთებში, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ქვეკომიტეტის წევრების კითხვებს პასუხობს.

კანონმდებლებს აინტერესებთ, რას აკეთებს ამერიკა რუსეთის მეზობელი ქვეყნების დასახმარებლად. განიხილავენ უკრაინის მიმართ აშშ-ის დახმარებას, რათა ის რუსეთის სამხედრო აგრესიას გაუმკლავდეს, ისაუბრეს სომხეთის პრობლემებზე და საქართველოში დემოკრატიასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.

განხილვის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინას დაეთმო და იმას, თუ როგორ უნდა დაეხმაროს ამერიკა კიევს უკეთ და უფრო ეფექტურად. საუბარი იყო იმ შეზღუდვების მოხსნაზე, რაც ამერიკას მის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე აქვს დაწესებული, ასევე, ჩინეთის მიერ რუსეთის დახმარების გზების შეზღუდვაზე.

საქართველოს შესახებ, სენატორმა ჯინ შაჰინმა, რომელიც სხდომას უძღვება, ასევე ისაუბრა გამხსნელ სიტყვაშიც. სენატორმა შაჰინმა თქვა, რომ სურს, ამერიკელი დიპლომატისგან მოისმინოს ის, თუ როგორ უნდა დაეხმაროს ვაშინგტონი უკეთ ასპირანტ ქვეყნებს, მათ შორის „დემოკრატიის სულისკვეთებას“, საქართველოს მსგავს ქვეყანაში, სადაც მისი თქმით, მთავრობამ „ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციისთვის ძირგამომთხრელი ნაბიჯები გადადგა, მიუხედავად მისი ხალხის უდიდესი მისწრაფებებისა, გახდეს ევროკავშირის წევრი“.

რუსეთის მიერ მეზობლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს შორის დემოკრატმა სენატორმა ბენ კარდინმა კი, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ 2008 წელს ამას საკმარისი ყურადღება არ დაეთმო და სათანადო რეაგირება არ ყოფილა.

ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატაში წარდგენილია საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხება. 23 მაისს, სენატორმა ჯინ შაჰინმა საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. „ქართველი ხალხის“ აქტი ორ ძირითად ნაწილს მოიცავს. ერთი გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, მეორე კი იმ პირების ანგარიშვალდებულების დაყენებას და მათ წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, ვინც საქართველოს სტაბილურობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის „შელახვაზე არიან პასუხისმგებელნი“. ასევე იმ ფიზიკურ პირებს, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაზე არიან პასუხისმგებელნი.

მასალის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.