განიხილებოდა მარნეულის ეტაპობრივი გახსნა, მაგრამ აქციის გამო კვლავ საჭიროებს მონიტორინგს - მინისტრი

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში გუშინ გამართულმა აქციამ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია რისკის ქვეშ დააყენა. მისივე თქმით, მთავრობა მარნეულისა და ბოლნისის ეტაპობრივად გახსნას გეგმავდა, თუმცა შექმნილი მდგომარეობის გამო სიტუაცია მონიტორინგს კვლავ საჭიროებს.

„ჩვენ უკვე ვიყავით იმ ზღვარზე, რომ განიხილებოდა მარნეულისა და ბოლნისის ეტაპობრივი გახსნა, მაგრამ ამ მოვლენიდან გამომდინარე, ჩვენ დღესდღეობით ვგეგმავთ, რა ღონისძიების ჩატარება შეიძლება მარნეულში. რადგან ეპიდსიტუაცია კვლავ რისკის ქვეშ დადგა, შეიძლება გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩატარდეს დამატებითი ტესტირება და თერმოსკრინინგი“, – განაცხადა მინისტრმა „მოამბის“ ეთერში.

კითხვაზე – მომხდარის გამო დიდი ხნით გადაიდო თუ არა მუნიციპალიტეტში შეზღუდვების მოხსნა? – ტიკარაძე პასუხობს, რომ: „არ ვიტყოდი, დიდი ხნით, მაგრამ ის საჭიროებს კიდევ გარკვეულ მონიტორინგს“.

გუშინ მარნეულის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და პროდუქტის რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები გააპროტესტა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას პრობლემის მოგვარებას შეჰპირდა. ზაურ დარგალის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში პროდუქტის რეალიზაციისთვის დისტრიბუტორი კომპანიის მანქანები შევიდნენ.