საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე პროვოკაცია უწოდა პუტინის გადაწყვეტილებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის 15 მაისიდან სავიზო რეჟიმი გაუქმებისა და პირდაპირი ფრენის აღდგენის შესახებ.
პრეზიდენტმა ხელისუფლებას მოუწოდა, რომ დროა, შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო და დაწესდეს რუსეთის მოქალაქეებზე 3-თვიანი სავიზო რეჟიმი.
„მოვუწოდებ ხელისუფლებას, ეს ის დრო არის, როდესაც თავისი პოზიცია მკაფიოდ უნდა გამოაჩინოს, დრო არის, რომ შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო საჯაროდ და განიხილული იყოს პირიქით, 3-თვიანი ვიზების დაწესება [რუსეთის მოქალაქეებისთვის], რომელიც საჭიროა ჩვენთვის თუნდაც შიდა გამოწვევებიდან გამომდინარე“, – აცხადებს ზურაბიშვილი.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მეტი კონტროლია საჭირო იმ რუსების მიმართ, რომლებიც შემოდიან და რჩებიან ქვეყანაში. აუცილებელია, ზომები მიიღონ, რათა ყველაფერი მოექცეს ცივილიზებულ ჩარჩოებში.
„ჩვენ ვართ ტოლერანტი ქვეყანა, მაგრამ არის რაღაცები, რაც არ შეიძლება ქვეყანაში. არ შეიძლება ბაგა-ბაღები გაიხსნას რუსულენოვანი, სადაც ქართული ენა არ იქნება აუცილებელი ბავშვებისთვის, რომლებიც დღეს საქართველოში ცხოვრობენ. არ შეიძლება, არ დაწესედეს ზომები სხვადასხვა პროფესიაზე, თუნდაც ლიცენზირება, ტაქსის მძღოლებზე, გიდებსა და თუნდაც სხვა პროფესიებზე. ეს არის ჩვენი პასუხი დღევანდელ პროვოკაციაზე, ჩვენ არ გვჭირდება საჩუქრები რუსეთისგან“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, რუსეთის ეს პროვოკაცია არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მიღებას ეწინააღმდეგება, არამედ საქართველოს ინტერესებსა და ღირსებას.
„მიმაჩნია, რომ ეს არის სრულიად მიუღებელი, უადგილო, უდროო, არც ვიზების მოხსნა და არც ფრენების აღდგენა არ გვჭირდება სანამ რუსეთი არის მთელი მსოფლიოსთვის აგრესორი და ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი“, – განაცხადა პრეზიდენტმა,
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულების მიხედვით, რუსეთი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას აუქმებს. ასევე, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში პირდაპირი ფრენის აკრძალვაც მოხსნა.
2000 წელს საქართველო აღმოჩნდა ერთადერთი ქვეყანა დსთ-ის ქვეყნებიდან, რომელსაც რუსეთმა დაუწესა სავიზო რეჟიმი. 2006 წელს რუსეთმა დააწესა ემბარგო ქართული პროდუქციის იმპორტზე, შეწყდა, საჰაერო მიმოსვლა რუსეთ-საქართველოს შორის. იმავე წლის ზამთარში რუსეთმა საქართველოს მოულოდნელად შეუწყვიტა გაზის მიწოდება.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს მიერ რუსეთისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმი 2012 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ცალმხრივად გააუქმა.
2019 წელს პუტინის გადაწყვეტილებით, პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის შეწყდა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ – როდესაც დიდი სახალხო პროტესტი მოჰყვა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომასა და სესიის რუსულ ენაზე ჩატარებას.