განიხილეთ პერსონალური სანქციების დაწესება ივანიშვილზე - ჩანაწერი რეზოლუციაში

პუბლიკა

საქართველოს შესახებ რეზოლუციაში ევროპარლამენტი „ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მიმართ პერსონალური სანქციების დაწესებას ემხრობა. ჩანაწერი რეზოლუციის პროექტში დღეს დაემატა და ის ევროპარლამენტმა უკვე დამტკიცა.

„ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას დესტრუქციულ როლზე, რომელსაც ასრულებს ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში და კონტროლის იმ დონეზე, რომელსაც ივანიშვილი ახორციელებს მთავრობაზე და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე;

ევროპარლამენტი ღრმად არის შეშფოთებული ივანიშვილის გამოაშკარავებული პირადი და საქმიანი კავშირებით კრემლთან, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით;

ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს განიხილონ პერსონალური სანქციების დაწესება ივანიშვილზე, საქართველოში პოლიტიკური პროცესების გაუარესებაში მისი როლის გამო”, – ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.