განიხილეთ რეკომენდაციების დაცვით გარევაჭრობის დაშვების საკითხი – EMC მთავრობას

პუბლიკა

EMC ეხმაურება რუსთავში გარემოვაჭრეების პროტესტს და საქართველოს მთავრობასა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი გარემოვაჭრეებისათვის საქმიანობის გაგრძელების ხელშეწყობისა და სოციალური დაცვის ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს.

„პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის თაობაზე მძიმედ აისახება ათასობით მშრომელზე, მათ შორის შეზღუდვები განსაკუთრებულად მაღალ გავლენას იქონიებს არაფორმალურად დასაქმებულთა ჯგუფებზე.

რუსთავში გამართული აქციის მონაწილე გარემოვაჭრეები მიუთითებენ, რომ საქმიანობის აკრძალვით ისინი შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე რჩებიან. გარემოვაჭრეთა უმეტესობა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი საპენსიო ასაკის ქალები არიან, რომელთაც საკუთარი ოჯახებისათვის მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა და შენარჩუნება მძიმე ტვირთად აწევთ.

არაადეკვატური სოციალური პოლიტიკისა და ქვეყანაში არსებული უმუშევრობის დონის გათვალისწინებით კი გარევაჭრობა, ადამიანებისა და მათი ოჯახების მინიმალური დაცულობისა და ხშირ შემთხვევაში არსებობის [ერთადერთ] საშუალებად გვევლინება. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება რომელიც ათასობით ოჯახისათვის  შემოსავლის ერთადერთ საშუალებას თუნდაც დროებით აუქმებს, განსაკუთრებული სიფრთხილით და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების მდგომარეობის შეფასების საფუძველზე უნდა მიიღებოდეს.

ამ მიდგომის საპირისპიროდ, ნათელია, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სახელმწიფო არ ითვალისწინებს ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ კონტექსტს და ვერ აზღვევს მისი გადაწყვეტილებებით დამდგარ უმძიმეს ეკონომიკურ შოკებს. მეტიც, რუსთავში გამართული აქციის შესახებ მედიით გავრცელებული კადრები ცხადად აჩვენებს, რომ სახელმწიფოს ცალკეული წარმომადგენლები არ აღიარებენ გარემოვაჭრეების უმძიმეს ეკონომიკურ გამოწვევებს და მათ მიერ დასმულ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებს მგრძნობელობის გარეშე ხვდებიან.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გარემოვაჭრეები, ისევე როგორც სხვა თვითდასაქმებულები ერთჯერადი, 300-ლარიანი დამხარებით კვლავ ისარგებლებენ, თუმცა, გარემოვაჭრეებისთვის პრობლემას წარმოადგენს როგორც დახმარების გაცემის ბუნდოვანი პროცედურა, ასევე მისი არასაკმარისობა, რამდენადაც ეს მხარდაჭერა ვერ ფარავს მათი ოჯახების სასიცოცხლოდ აუცილებელ მინიმალურ საჭიროებებსაც კი.

სამწუხაროდ, სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი სოციალური მხარდაჭერის პაკეტი ადეკვატურად ვერ უზრუნველყოფს შემოსავლის გარეშე დარჩენილი თვითდასაქმებულების რეალურ მოთხოვნილებებს. ამის პარალელურად, სახელმწიფოს მხრიდან არსებული შეზღუდვების დარღვევისათვის სანქციის სახით 2000 ლარი არის დაწესებული, რაც არსებული წესრიგის შენარჩუნების მიზნით შესაძლო სოციალური წინააღმდეგობის შეკავების რეპრესიულ და სახიფათო ფორმას წარმოადგენს…

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას:

  • გადახედოს ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის თაობაზე მიღებულ ღონისძიებებს და შეზღუდვის ფარგლებში შესაძლებელი გახადოს გარემოვაჭრეთა სასიცოცხლოდ აუცილებელი ინტერესების გათვალისწინება, მათ შორის, განიხილოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული სავალდებულო რეკომენდაციების დაცვით გარევაჭრობის დაშვების საკითხი;
  • დადგენილი შეზღუდვების ფარგლების, პირობებისა და მისი სოციო-ეკონომიკური გავლენების დეტალური შესწავლის საფუძველზე, გადახედოს სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებების საკმარისობას და თავსებადობას სხვადასხვა სოციალური ჯგუფების, მათ შორის გარემოვაჭრეთა უკიდურესად მძიმე ყოფით საჭიროებებთან მიმართებით;
  • უარი თქვას რეპრესიული და სადამსჯელო მეთოდების გამოყენებაზე აქციებისა და პროტესტების ფორმით გამოხატული სოციალური წინააღმდეგობის შესაკავებლად და საზოგადოებრივ უკმაყოფილებას სოციალური დაცვისა და შესაბამისი მხარდაჭერის ღონისძიებებით უპასუხოს;
  • შეიმუშავოს და დაუყოვნებლივ დანერგოს სოციალური დაცვის იმგვარი სისტემა, რომელიც შეაფასებს და გაითვალისწინებს არაფორმალურად დასაქმებულთა მათ შორის გარემოვაჭრეთა სოციალური დაცვისა და მხარდაჭერის მექანიზმებს;

რუსთავის მუნიციპალიტეტს:

  • გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი გარემოვაჭრეთა მოთხოვნებზე საპასუხოდ მათ შორის, უზრუნველყოს გარემოვაჭრეთა სოციალური დაცვის ღონისძიებების გაძლიერება და მხარი დაუჭიროს მათ ვაჭრობის გაგრძელებისათვის უსაფრთხო სივრცეების მოწყობაში, რაც შესაძლებელია გახდეს მთავრობის მიერ მიღებული შეზღუდვების გადახედვის საფუძველი”, – წერს EMC.