საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ 2020 წლის 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მისაღები ღონისძიებები განსაზღვრა.
კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი, ხელის დეზინფექციის ხსნარი, ინფორმაცია ვირუსის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი არ დაიშვება პირბადის და ხელების დამუშავების გარეშე; ტემპერატურა უნდა გაუზომონ შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირს, გარდა ამომრჩევლისა;
უზრუნველყოფილი უნდა იყოს კენჭისყრის შენობაში ხშირად შეხებადი ზედაპირების (მათ შორის კარის სახელურები, სამუშაო მაგიდების და ა.შ.) სათანადო წესით, წმენდა/დეზინფექცია ყოველ 3 საათში ერთხელ და დაბინძურების შესაბამისად;
უნდა განთავსდეს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერი, ასევე უნდა განთავსდეს ამომრჩეველთა მიერ გამოყენებული საწერი კალმისტარებისთვის კონტეინერი, რომელშიც ამომრჩეველმა ხმის მიცემის შემდეგ უნდა მოათავსოს მის მიერ გამოყენებული კალმისტარი;
კენჭისყრის კაბინა, ამომრჩევლისთვის შესასვლელი, ერთი მხრიდან გახსნილი უნდა დარჩეს და გახსნილი მხარე მიმართული იყოს კენჭისყრის შენობის კედლისკენ იმდაგვარად, რომ არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი;
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ პირბადით, დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით;
ამომრჩეველი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური მოხმარებისათვის განკუთვნილი კალმისტრით;
ამომრჩეველთა რეგისტრატორმა კომისიის წევრმა საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას ამომრჩეველს უნდა მიუთითოს, რომ საარჩევნო ბიულეტენის მიღება ამომრჩეველთა ერთიან სიაში ხელმოწერით დააფიქსიროს რეგისტრატორის მაგიდაზე განთავსებული კალმისტრით და ამავე კალმისტარით ისარგებლოს ფარული კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას. ამომრჩეველმა ხმის მიცემის შემდეგ კალმისტარი უნდა განათავსოს კალმისტრებისათვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში;
შენობაში დაცული უნდა იყოს დისტანცია და გაკონტროლდეს ამომრჩევლების რიგი. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია, დროულად შეჩერდეს უბანზე ამომრჩევლების შეშვება, სანამ დისტანციის დაცვის საშუალება არ იქნება;
სპეციალური კონვერტის საარჩევნო ყუთში ჩაგდების შემდეგ, როდესაც ამომრჩეველი ტოვებს საარჩევნო უბანს, გასასვლელში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სადეზინფექციო სითხით ხელების დამუშავების შესაძლებლობა;
გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები და მეთვალყურეები გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცესში აღჭურვილი უნდა იყვნენ და უნდა გამოიყენონ პირბადე, სახის დამცავი ფარი, ხელთათმანები და ხელის სადეზინფექციო ხსნარი;
პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უნდა მოხდეს კენჭისყრის შენობების ბუნებრივი ვენტილაცია;
ტემპერატურის გაზომვა (ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ამომრჩეველზე):
კენჭისყრის შენობის შესასვლელთან, შემსვლელ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, უნდა განხორციელდეს კენჭისყრის შენობაში შემსვლელ პირთა თერმოსკრინინგი.
ცხელების – 37°С ან 37°С-ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება ტემპერატურის გადამოწმებას (5-წუთიან შუალედში). განმეორებით ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში პირი არ დაიშვება კენჭისყრის შენობაში. განმეორებითი შემოწმების შემდეგ ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირმა უნდა დატოვოს კენჭისყრის შენობა.
პირბადის გამოყენება:
ამომრჩეველი ვალდებულია დროებით მოიხსნას პირბადე, მხოლოდ:
კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს;
კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს;
პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მათ შორის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, აუტისტური სპექტრის დარღვევის ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო) უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით.