განმარტება სატრანსპორტო შეზღუდვებზე საგანგებო მდგომარეობის დროს

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ შეზღუდვებსა და გამონაკლისებზე, რომელიც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე მოქმედებს.

ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ჩამოთვლილის გარდა, მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიებზე სხვა დამატებითი შეზღუდვებიც არის დაწესებული.

მისი თქმით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეჩერებულია:

ყველა სახის საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლა – საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო (ჩარტერული ფრენები იგეგმება საჭიროებისამებრ და ხელისუფლებასთან შეთანხმებით);

ჩერდება სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა.

ჩერდება საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანა M2 და M3 კატეგორიის ტრანსპორტით, რაც გულისხმობს სამარშრუტო ტაქსებსა და ავტობუსებს.

ჩერდება შიდა საჰაერო მიმოსვლა მგზავრთა გადაყვანის მიზნით.

თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის საზღვრებში შეჩერებულია შიდა მიმოსვლა:  M2 კატეგორიის (სამარშრუტო ტაქსი) ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა.

აღნიშული შეზღუდვა არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ ცენტრსა და სოფლებს შორის სამგზავრო გადაყვანებზე.

რაც შეეხება შეკრებებს საგანგებო მდგომარეობის დროს ქვეყანაში:

► იკრძალება საჯარო სივრცეში   ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელ მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს.

► იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომლებიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან (მაგ: ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები).

[დადგენილებაში საერთოდ არაა ნახსენები საეკლესიო რიტუალები];

► შეზღუდვა არ ეხება:

ა) სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში პირთა თავშეყრას მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით;

ბ) საზოგადოებრივ ტრანსპორტს, თუ მათზე არ ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის დროს საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა [ამ ეტაზე აკრძალულია მხოლოდ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა];

გ) სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.

►10-ზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრა, მათ შორის, იმ კერძო დაწესებულებებში, რომელთა მიმართაც არ ვრცელდება საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა, დასაშვებია ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით.

► იკრძალება ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, მათ შორის, კონცერტები, სპექტაკლები, დროებითი და მუდმივი გამოფენები, რეპეტიციები, გასტროლები, მასტერკლასები, ტრენინგები და კონფერენციები, გარდა დისტანციური ფორმისა.

► იკრძალება ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიება, მათ შორის,  შეჯიბრი, სასწავლო-საწვრთნელი პროცესი/შეკრება, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სპორტის თემასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ტრენინგი, სემინარი ან/და კონფერენცია, გარდა დისტანციური ფორმისა.