დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასა და ვაქცინაციის შესახებ ისაუბრა.
ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსით განმეორებითი ინფიცირების უკვე 5-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული.
„საეჭვო რეინფიცირებაზე გვქონდა რამდენიმე ათეული შემთხვევა, დაახლოებით 50-ზე ზემოთ. შემდეგ გაფილტვრით ამ რიცხვმა დაიკლო და ნამდვილი რეინფიცირება, 2 კვირის წინანდელი მონაცემებით, დადგინდა 3 თუ 5 შემთხვევა. კვლევაში კიდევ არის რამდენიმე ათეული შემთხვევა. ტენდენცია გახშირდა და რეინფიცირების შემთხვევები არ მიდის მსუბუქად“, – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1547 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 18 ადამიანი.