ნარკოტიკის ჯგუფურად გასაღების მცდელობის ბრალდებით პირს ბრალი წარუდგინეს

პუბლიკა

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ბრალდებით ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, შსს-ის გამოძიებით დადგინდა, რომ 1 მარტს ორმა პირმა, შემდგომში გასაღების მიზნით, პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში მიიტანეს და მდინარის პირას ე.წ. „ლოკაციებზე“ განათავსეს.

პროკურატურა წერს, რომ მათ ტელეფონის ფოტოკამერით, ადგილმდებარეობის კოორდინატების მითითებით, თითოეულ ლოკაციას ფოტოსურათი გადაუღეს, რათა შემდგომში ისინი ნარკოტიკული საშუალებების შემძენი პირებისთვის გადაეგზავნათ.

უწყება აცხადებს, რომ გამოძიების მიერ ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, აღნიშნულის შემდგომ ორივე პირმა მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, რის შემდგომაც ერთ-ერთი მათგანი სავარაუდოდ ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა.

პოლიციამ ბრალდებული 2 მარტს დააკავა. მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

პროკურატურა წერს, რომ 3 მარტს, შსს-ს თანამშრომლებმა ე.წ. „ლოკაციებიდან“ ბრალდებულების მიერ 24 ცალად დაფასოებული და განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის – 3.35 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

რაც შეეხება სავარაუდოდ ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაცვლილ პირს, უწყების ცნობით, მისი გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დაინიშნა შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზა.


მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსის თამარ გუდავას შვილია. ის facebook-სტატუსს აქვეყნებს და ამბობს, რომ თანამდებობას ტოვებს.

„მეგობრებო, ვარ მთლიანად განადგურებული! პირველ რიგში იმიტომ, რომ მე თავად არ ვიცი რა უბედურება ხდება ჩემს თავს! მეც ახლა ვარკვევ სიტუაციას. მინდა იცოდეთ, რომ თუ დადასტურდა ინფორმაცია ჩემი უფროსი შვილის რაიმე სახის ბრალეულობაზე, ის აუცილებლად აგებს მკაცრად პასუხს კანონის წინაშე! ყველანაირი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ვწერ განცხადებას და მივდივარ კულტურის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან”, – ვკითხულობთ facebook-სტატუსში.