განსაკუთრებით მომატებულია შემთხვევები კახეთში, რაც ვფიქრობთ, უკავშირდება რთვლის სეზონს - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო პერიოდში მომატებულია ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი, განსაკუთრებით კახეთში, რაც შესაძლოა რთველთან და სოციალურ ღონისძიებებთან იყოს დაკავშირებული.

„განსაკუთრებით მომატებული შემთხვევები არის კახეთში, რაც ვფიქრობთ, უკავშირდება ბოლო პერიოდში რთვლის სეზონს, შესაძლოა, მას შემდეგ იყო გარკვეული სოციალური ღონისძიებები, თავშეყრა, ასევე წვიმიანი სეზონი იყო და ეს ყველაფერი, დიდი ალბათობით, ხდებოდა შენობების შიგნით, რამაც ხელი შეუწყო გავრცელებას. ასევე გარკვეული მატება აღინიშნება ახალგაზრდა ასაკის ჯგუფებში. შესაძლებელია სტუდენტებშიც იყოს ინფექციის უფრო აქტიური გავრცელება, ვიდრე აქამდე გვქონდა, რადგან სტუდენტების მცირე ნაწილია ვაქცინირებული და ბუნებრივია, აკადემიურ გარემოში ინფექციის გადაცემის რისკი არსებობს. ასევე გასათვალისწინებელია, ვაქცინაციის ის მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, დაახლოებით მილიონი ადამიანია სულ მცირე ერთი დოზით აცრილი“, – განაცხადა გაბუნიამ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.

მისივე თქმით, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის მატება ჯერჯერობით არ ფიქსირდება, რაც მისი შეფასებით, გარკვეულწილად იმედის მომცემი ნიშანია და შესაძლოა, ეს იყოს ვაქცინაციის ეფექტიც.

„რადგან ინფიცირებულების ის ნაწილი, რომელიც უკვე ვაქცინირებულია და არის ასეთი ჯგუფი, მცირე, მაგრამ მაინც, ბინაზე რჩება და, როგორც წესი, ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს ამ შემთხვევაში დაავადება”, – განაცხადა გაბუნიამ.