„განსაკუთრებული ტერიტორიის სტატუსის მინიჭება, გამოიწვევს ლიცენზიის გადახედვას" - მინისტრის მოადგილე რაჭის ტყეებზე

პუბლიკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, რაჭის ტყეებსა და მის მიმდებარედ განსაკუთრებული დაცულობის ტერიტორიის შექმნა სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გადახედვას გამოიწვევს.

როგორც ნინო თანდილაშვილი ამბობს, სამინისტრო მუშაობს განსაკუთრებული დაცულობის მქონე ტერიტორიის შექმნაზე და მათი გეგმაა, რომ საგაზაფხულო სესიაზე საკითხი პარლამენტში შეიტანონ და რაჭის ტყეებსა და მიმდებარედ განსაკუთრებული დაცულობის სტატუსის ტერიტორია შეიქმნას.

„ადგილობრივი მოსახლეობის და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობაც იქნება, რათა შევქმნათ ისეთი სტატუსის მქონე დაცული ტერიტორია, რომელიც იქ მცხოვრებ ადამიანებს ხელს არ შეუშლის ტრადიციული საქმიანობის განხორციელებაში და დამატებით, ხელს შეუწყობს რეგიონში ეკოტურიზმის განვითარებას, რაც სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უფრო მეტად გამოაცოცხლებს რაჭის რეგიონს, სადაც გვყავს საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებულები არიან, რომ კონკრეტული სოციალურ-ეკონომიკური მხარდამჭერი პროექტებით ადგილობრივ მოსახლეობას დახმარება გაუწიონ და ბუნებრივია, სახელმწიფოს ჩართულობაც მნიშვნელოვანი იქნება.

ჩვენი გეგმაა, რომ საგაზაფხულო სესიაზე, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და მოსახლეობასთან შეჯერებული საკითხი შევიტანოთ პარლამენტში და შევქმნათ განსაკუთრებული დაცულობის სტატუსის ტერიტორია…

…ქართული კანონმდებლობა კონკრეტულ მოთხოვნებს აწესებს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს ლიცენზიის მოქმედების ვადა. სახელმწიფო მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და არ შეიძლება, რომ საკუთარი სურვილისამებრ, კანონის მოთხოვნების უგულებელყოფით შევუწყვიტოთ ნებისმიერ ინვესტორს ნებისმიერი ლიცენზია და ნებართვა. ეს პროცესი გრძელდება. განსაკუთრებული ტერიტორიის სტატუსის მინიჭება თავის მხრივ, გამოიწვევს ლიცენზიის მოქმედების ვადის გადახედვასაც. თუ ვსაუბრობთ განსაკუთრებული დაცულობის ტერიტორიის სტატუსის შექმნაზე, ეს ვერ იქნება თანხვედრაში ამ ტიპის საქმიანობასთან“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

თანდილაშვილის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ინვესტორმა, რომელსაც აღნიშნულ ტერიტორიებზე სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია ჰქონდა, პირობები არ შეასრულა, მაისიდან დაიწყეს მუშაობა, რომ რაჭის ტყეები და მიმდებარე სოფლები ადგილობრივ ხელისუფლებას გადაეცეს.


მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის”, ადგილობრივი მოსახლეობა და მხარდამჭერები რაჭის ტყეებზე  49-წლიანი ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვენ, რის საფუძველზეც დავით ხიდაშელს ტყე გადაეცა. ამ მოთხოვნით, 27 სექტემბრიდან მოქალაქეებმა ქალაქის ცენტრში კარავიც დადგეს და 24-საათიანი მორიგეობა დაიწყეს.

ე.წ. კარტოგრაფების საქმის მოწმეს, დავით ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად 2022 წლის მარტში გადაეცა. ის რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი და სანქცირებულ რუს ბიზნესმენ ვლადიმერ ევტუშენკოსთან დაახლოებული პირია.