„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სააკაშვილის საკითხს“ | უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოს ელჩს შეხვდა

პუბლიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე მიკოლა ტოჩიცკი დღეს საქართველოს ელჩს უკრაინაში, გიორგი ზაქარაშვილს შეხვდა.

უკრაინის საგარეო უწყების განცხადებით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო არსებულ ვითარებას დაეთმო. საქართველოს ელჩმა მათ მიაწოდა ინფორმაცია გლდანის პენიტენციურ კლინიკაში სააკაშვილის გადაყვანის გარემოებებზე.

„ბატონმა ტოჩიცკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინისთვის პრიორიტეტულია საზღვარგარეთ მყოფი მისი მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვა. მინისტრის მოადგილემ შეახსენა ქართულ მხარეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაგზავნილი ოფიცილური ნოტა და სთხოვა მისი პოზიტიურად გადაწყვეტა“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს სხვა საკითხებიც, მათ შორის, ორმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. ასევე, გაცვალეს მოსაზრებები ასოცირებული ტრიოს ფარგლებში დამატებით გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ აღმოსავლეთ პარნტიორობის სამიტის წინ, რომელიც 15 დეკემბერს გაიმართება.

მანამდე უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისარმა ლუდმილა დენისოვა წერდა, რომ საქართველოს ელჩმა მასთან დაგეგმილ შეხვედრაზე უარი თქვა პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რაც მიხეილ სააკაშვილის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას მოჰყვა.

ლუდმილა დენისოვას განცხადებით, ის გმობს მიხეილ სააკაშვილის უფლებების უხეშ დარღვევას და შეხვედრაზე სურდა მოესმინა განმარტებები უკრაინის მოქალაქის უფლებათა დარღვევებზე.

დენისოვა თავის განცხადებაში აღწერს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის გარემოებებს და დამატებით მოჰყავს საქართველოს მესამე პრეზიდენტის კომენტარი, როგორ ექცეოდნენ მას გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანისას.

„საქართველოს ხელისუფლების ასეთი ქმედება, ასეთ პირობებში სააკაშვილის ყოფნა და მასზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების შესახებ კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების და ასევე წამების საწინააღმდეგო კონვენციის პირველი მუხლის დარღვევას წარმოადგენს“, – წერდა ლუდმილა დენისოვა.

მიხეილ სააკაშვილის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა დაგმო გუშინ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც და მოუწოდა ქართულ მხარეს, მიხეილ სააკაშვილს გაუწიონ სამედიცინო დახმარება მაღალი კლასის სამოქალაქო კლინიკაში. უკრაინის საგარეო უწყება წერდა, რომ ამის შესახებ მათ ქართულ მხარეს ოფიციალური ნოტაც გაუგზავნეს.