განსხვავებული ხმების ჩახშობა ის არაა, რასაც ქართველები იმსახურებენ - ALDE-ს პრეზიდენტი

პუბლიკა

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის“ (ALDE-ს) პრეზიდენტი ჰანს ვან ბაალენი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და ხელისუფლებას ოპოზიციასთან თანამშრომლობით ახალი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს.

„ღრმად შეშფოთებული ვარ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას ძალადობრივი გზით დაკავების და იმის გამო, რომ პარტიის სათავო ოფისი დღეს ცრემლმდენი გაზის გამოყენებით და შტურმით აიღეს.

პოლიტიკური კრიზისის ამ რთულ მომენტში, რომელსაც პანდემია კიდევ უფრო ამძაფრებს, ძალის გამოყენება, პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გაღვივება და განსხვავებული ხმების ჩახშობა ის გამოსავალი არ არის, რასაც საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ.

ჩვენ დაუწყონებლივ მოგიწოდებთ თავშეკავებული, მშვიდი მოქმედებისა და პოლიტიკური განსხვავებების არა ოპოზიციის მძიმე და თვითნებური დაკავებებით, არამედ პარლამენტში გადაწყვეტისკენ.

ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, რომ დასხდნენ ოპოზიციასთან და ერთობლივად იმუშაონ ახალი თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების დასანიშნად. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირის ლიდერებს, რომლებიც ამ კვირაში შეიკრიბებიან, რომ ჰქონდეთ ასეთივე ძლიერი გზავნილი“, – ნათქვამია ALDE-ს პრეზიდენტის განცხადებაში.


პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა.

შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

ოპოზიციამ 3 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.