„განსხვავებული მიდგომა არცერთ აეროპორტს არ ექნება“ - აეროპორტების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულთა სიაში.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ. გადაწყვეტილება ვრცელდება საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტზე: შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტზე.

კიდევ ერთხელ დავაზუსტებთ: ფრენები აეროპორტებში შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებსაც სანქციები არ შეხებიათ. განსხვავებული მიდგომა არცერთ საერთაშორისო აეროპორტს შორის არ იქნება“, – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს განცხადება გაავრცელა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომაც. მათი ცნობით, დღეის  მდგომარეობით საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოსულია რამდენიმე ავიაკომპანიის განაცხადი საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მოთხოვნით.

„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილ თითოეულ მომართვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც დეტალურად იქნება შესწავლილი ავიაკომპანიების თუ მათი საჰაერო ხომალდების არსებული სტატუსი საერთაშორისო სანქციებთან თუ შეზღუდვებთან მიმართებაში და ფრენის ნებართვები ზემოთ აღნიშნული პრინციპით იქნება გაცემული“, – ნათქვამია საავიაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.