„ტოლერანტობა, ადამიანის დაფასება, ღირსების პატივისცემა და განსხვავებულის მიმღებლობა ჩვენი დიდი კულტურისა და ისტორიის უწყვეტი ტრადიცია და ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილია“, – ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
დღეს ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი წერს, რომ საუკუნეთა განმავლობაში საქართველოში სხვადასხვა ეროვნების, რელიგიისა და ტრადიციების მქონე განსხვავებული ადამიანები ღირსეულად თანაცხოვრობდნენ და ერთად ქმნიდნენ საერთო სამშობლოს ისტორიას.
„დღეს, მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ.
დღესაც, თანამედროვე, ევროპული საქართველოს, მშვიდობიანი და განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოების შენების ფუნდამენტი სწორედ ეს დიდი მემკვიდრეობა და ღირებულებებია. ამ საზოგადოების ყველა ჯგუფს, მის თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ამ მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილე და შემოქმედია.
ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებულია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ფუნდამენტური ღირებულებები. ჩვენ პატივს ვცემთ და ყოველთვის დავიცავთ თითოეული მოქალაქის ღირსებასა და თავისუფლებას“, – აღნიშნავს პრემიერი.