განუხილველად დატოვებულ საჩივრებს NGO-ები სასამართლოში გაასაჩივრებენ

პუბლიკა

საოლქო საარჩევნო კომისიებში სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვა ამ დრომდე მიმდინარეობს. საოლქო კომისიები დღეს დაასრულებენ მათ განხილვას.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ 300-ზე მეტი საჩივარი აქვს შეტანილი. 120-მდე უბანში ორგანიზაცია ბათილობას და ხმების ხელახალ გადათვლას მოითხოვდა. საია-სს წარმომადგენლის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, საოლქო კომისიებმა საჩივრების უმრავლესობა უკვე განიხილეს.

„დარჩენილია რამდენიმე ოლქში ჩვენი საჩივრების განხილვა. ასეთი საბურთალოა, რომელიც დღეს განიხილება და ბათუმის ერთი უბანი. დანარჩენ ოლქებში ჩვენს საჩივრებზე განხილვა დასრულდა.

თუ დისციპლინური მოთხოვნა იყო მხოლოდ დაყენებული, ასეთები, როგორც წესი, უფრო მეტად კმაყოფილდებოდა. მაგრამ მოთხოვნები, რომელიც შედეგების გადათვლასა და შემაჯამებელი ოქმების ბათილობას შეეხებოდა, ამ ნაწილში იკვეთება მნიშვნელოვანი პრობლემები. როგორც წესი, არ ხდება ხოლმე შედეგების ბათილად ცნობა და შედეგების ხელახალი გადათვლა. ჩვენ გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როცა მონაცემები გადათვალეს, მაგრამ უფრო დიდი ნაწილი გადათვლის გარეშე დარჩა. ახლა ჩვენ განვიხილავთ, რომელი მათგანი გავასაჩივროთ სასამართლოში. ველოდებით საოლქო კომისიების განკარგულებების გამოგზავნას და ჩაბარებას, რომ მოვასწოროთ მათი დამუშავება და სასამართლოში სარჩელის წარდგენა. ორი დღე გვაქვს სარჩელის წარდგენამდე.  120-მდე უბანი გვქონდა, სადაც მოვითხოვდით ბათილობას და გადათვლას. ერთეულ შემთხვევებზე დავა აღარ განვაგრძეთ, რადგან დავეთანხმეთ შემაჯამებელ ოქმში ასახულ მონაცემებს, მაგრამ ძირითად საჩივრებზე დავა გავაგრძელეთ.“ – განუცხადა „პუბლიკას“ ნონა ქურდოვანიძემ.

ISFED-ის დირექტორის ელენე ნიჟარაძის თქმით, კომისიებს საჩივრების განხილვა არ დაუსრულებიათ. ორგანიზაციას ჯამში 150 მეტი საჩივარი აქვს დაწერილი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დღეს ISFED-მა „გამჭირვალობა საქართველოსთან“ ერთად გაავრცელა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ, რომ შეტანილი საჩივრები რამდენიმე ოლქში სხვადასხვა უსაფუძვლო მიზეზით განუხილველი დატოვეს, ხოლო განხილული საჩივრების უმრავლესობა არ დააკმაყოფილეს.

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების უმრავლესობამ, რომლებმაც განიხილეს საჩივრები, არ დააკმაყოფილეს შემაჯამებელი ოქმის ბათილობისა და ბიულეტენების ხელახლა დათვლის მოთხოვნა. „სამართლიანი არჩევნების“ მოთხოვნა უბნების გადათვლასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში,  მათ შორის, სამგორის #97 უბანზე, „სადაც  დიდი შეუსაბამობები გამოვლინდა ნამდვილ ბიულეტენებსა და შემაჯამებელ ოქმებში ასახულ მონაცემებს შორის“.

„გამჭირვალობა საქართველოს“  61 საჩივარი აქვს დაწერილი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„ამ ეტაპზე მაქვს ინფორმაცია 45 -ზე. უმეტესობა გადათვლას ეხებოდა. 45 დან მხოლოდ 2 უბანზე დაკმაყოფილდა გადათვლაზე საჩივარი. იქ სადაც უარი გვეთქვა კომისიის გადაწყვეტილებებს არ ჰქონდა დასაბუთებები. ალბათ ყველა ასეთ გადაწყვეტილებას სასამართლოში გავასაჩივრებთ.“ – განუცხადა „პუბლიკას“ ორგანიზაციის წარმომადგენელმა გია გვილავამ.

ცესკო-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ 15 საოლქო საარჩევნო კომისიაში განხილვა უკვე გაიმართა და შედეგები გადათვლეს. აქედან 11-მა საოლქო საარჩევნო კომისიამ შესწორებები შეიტანა 20 შედეგთან დაკავშირებით, რომელთანან ბათილად ცნეს ამი გადასატანი საარჩევნო ყუთის მონაცემები, ხოლო ცხრა შემთხვევაში, როგორც პროპორციულის, ასევე მაჟორიტარულის შემთხვევაში, გასწორდა შედეგები. ასევე, აღსანიშნავია, რომ რვა შემთხვევაში მონაცემები დარჩა უცვლელი.

„მაგალითისთვის მინდა, მოგიყვანოთ გადათვლის შედეგები. მაგალითად, მთაწმინდის ოლქი, რომელმაც თავისივე ინიციატივით გადათვალა 01.01.18 უბანი. შედეგად აღმოჩნდა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, თუმცა მიღებული ბიულეტენებისა და ხელმოწერების რაოდენობა იყო შეცდომით და განკარგულებით მოხდა მისი გასწორება. ასევე, ამავე განკარგულებით შესწორდა ბათილი ბიულეტენების რაოდენობა. ასევე, მაგალითისთვის, მინდა, წარმოგიდგინოთ ისნის შემთხვევა, სადაც ერთი სპეცუბნის გადასატანი ყუთის შედეგები გადაითვალა. აქედან, მაჟორიტარულ ნაწილში გაბათილდა შედეგები, ხოლო პროპორციულზე გასწორდა განკარგულებით. ასევე, შეგვიძლია, განვიხილოთ დიდუბის შემთხვევა, როდესაც 25-ე საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვალა და აღნიშნული გადათვლის საფუძველზე შემაჯამებელ ოქმში მონაცემები დარჩა უცვლელი“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.