„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა თამარ კეკენაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია განაგრძობს ბრძოლას და აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პარტია დატოვა „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ შალვა შავგულიძემ. პარტია დატოვა ასევე გამგეობის ორმა წევრმა ლევან სამუშიამ და ნინო გოგუაძემ.
„პარტია მზად არის ითანამშრომლოს ყველა პროდასავლურ ძალასთან, რათა შეიცვალოს ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“ და ბოლოს და ბოლოს ქვეყანას დაუბრუნდეს სწრაფი განვითარებისა და ევროპული მომავლის შანსი“.
„რა თქმა უნდა, არჩევნებამდე ორი თვით ადრე მსგავსი გადაწყვეტილება რთულ მდგომარეობაში აყენებს პარტიას, თუმცა „თავისუფალი დემოკრატები“ განვაგრძობთ ბრძოლას. ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ ვაპირებთ ვითანამშრომლოთ ყველა პროდასავლურ პარტიასთან, იმისათვის რომ არჩევნებით შევცვალოთ ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“ და ამ ქვეყანას, სწრაფი განვითარების და ევროპული მომავლის შანსი დავუბრუნოთ. ჩვენთვის ამ ბრძოლაში მთავარი წითელი ხაზი გადის რუსეთზე. შესაბამისად, ჩვენი კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის თუ საზოგადოებრივი ჯგუფისთვის, რომელიც საკუთარ და საქართველოს მომავალს დასავლურ სივრცეში ხედავს, “- განაცხადა თამარ კეკენაძემ.
მისივე თქმით, პარტიის რიგგარეშე ყრილობამდე, რომელიც სექტემბერში გაიმართება, გამგეობის გადაწყვეტილებით, ის შეასრულებს პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას.