„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, დღეს სოფელ საყულიაში 1 პირი დააკავეს.
შსს-ს განცხადებით, მისი დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რის შემდეგაც პოლიციამ, კანონმდებლობის შესაბამისად, იძულების ღონისძიება გამოიყენა.
როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, ი.მ.-ს დაკავების დროს „პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა. თავს დაესხნენ სამართალდამცველებს. ადგილობრივებმა პოლიციას გადაადგილების საშუალება შეუზღუდეს, ცდილობდნენ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული ბრალდებულის გათავისუფლებას, შეეცადნენ პოლიციისთვის ცეცხლსასროლი იარაღის წართმევას და უწევდნენ წინააღმდეგობას. ამავდროულად პოლიციას ესროდნენ ქვებს და სხვადასხვა საგანს, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო პოლიციის ორმა თანამშრომელმა”.
როგორც სამინისტროში გვითხრეს, „პოლიციამ გაფრთხილების მიზნით გაისროლა. ასევე, გამოიყენეს სპეციალური საშუალებები”.
ჟურნალისტებთან საუბრისას ერთ-ერთი თვითმხილველი ბუხუტი გოქაძე ამბობს, რომ იმყოფებოდნენ მეგობრის საფლავზე, როდესაც მათთან სპეცრაზმის თანამშრომლები „მივარდნენ“ და მიწაზე დაწოლა მოსთხოვეს. მისივე თქმით, მათ არც თავი წარუდგენიათ და არც რაიმე განუმარტავთ – თუ რა მოქმედებებს მიმართავდნენ ადგილზე. როგორც ის ამბობს, ორი ადამიანი დაჭრილია ფეხში.
ამ დრომდე შსს არ პასუხობს შეკითხვას, არიან თუ არა დაჭრილები, რომლებზეც მოქალაქეები საუბრობენ.
კიდევ ერთი პირი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.
„მიმალვაში არ იყო ირაკლი მუკბანიანი და არ იყო საჭირო ამდენი სპეცრაზმელის სოფელში შემოყვანა. ირაკლი აპროტესტებდა ნამახვანჰესს. მაგას არანაირი ხელის დარტყმა არ ჰქონია პოლიციასთან, უბრალოდ, იყო მიწევ-მოწევა. აქედან გამომდინარე, დაუწყეს ჩუმი ძებნა“, – ამბობს დაკავებულის ძმა.
მისივე თქმით, სპეცრაზმის წევრები „გინებითა და ფეხებში სროლით“ შეცვივდნენ სასაფლაოზე.