განვიხილავთ აგრესიის რისკქვეშ მყოფი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მხარდაჭერას - სტოლტენბერგი

პუბლიკა

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, კრემლის მიზანია, აღადგინოს თავისი გავლენის სფერო და წაართვას სხვა ქვეყნებს თავიანთი მომავლის არჩევის შესაძლებლობა. ამიტომ დღეს ალიანსისა და მისი მოკავშირეების შეხვედრაზე განიხილეს რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოსა და ბოსნია და ჰერცოგოვინის დახმარება.

„კრემლის ამბიციაა, რომ აღადგინოს გავლენის სფეროები, წაართვას სხვა ქვეყნებს თავიანთი მომავლის არჩევის შესაძლებლობა. ამიტომ მინისტრებმა განიხილეს იმ პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც შეიძლება რისკის ქვეშ იყვნენ. მათ შორისაა საქართველო და ბოსნია და ჰერცოგოვინა.

რუსულმა აგრესიამ ჩვენს უსაფრთხოებაში ახალი რეალობა შექმნა. რეალობა, რომელშიც ფუნდამენტური პრინციპების შეცვლა ხდება ძალის გამოყენებით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა, ალიანსის, ევროკავშირის წარმომადგენლების, შვედეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი შეხვედრის შემდეგ.

ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, თუ რა მხარდაჭერას გაუწევს NATO ამ ქვეყნებს, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი დაეხმარება თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების გაძლიერებაში.

NATO-ს აქვს საწვრთნელი ცენტრი საქართველოში, ტარდება ერთობლივი წვრთნები და სხვა აქტივობები და მისი თქმით, ალიანსი გააფართოებს მის მხარდაჭერას.

„ჩვენ არ მიგვიღია ჯერ საბოლოო გადაწყვეტილებები, ეს არის ფართო შეთანხმება, რომ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ ამ ქვეყნების დასაცავად“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.