„განვიხილავთ დამატებით ზომებს EU-სა და ეროვნულ დონეზე" - ვაიმარის სამკუთხედი

პუბლიკა

ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ ხელისუფლებას, განიხილოს ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა.

„ჩვენ, ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები სერიოზულად შეშფოთებულები ვართ პოლიტიკური კრიზისით, რომელიც საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და EU-ში გაწევრების პროცესის შეჩერების შესახებ „ქართული ოცნების” გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო. პოლიტიკური კრიზისის მიზეზი საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტიკური კურსი და ევროპული გზიდან გადახვევაა.

ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს კურსი და დაუბრუნდეს ევროინტეგრაციას ევროპული ნორმებისა და ღირებულებების დაცვით, ასევე, რეფორმების შესრულებით.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ გასული კვირების განმავლობაში მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ ძალადობას, ვახსენებთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მათ პასუხისმგებლობას, რომ პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და დაიცვან ფუნდამენტური თავისუფლება, მათ შორის შეკრებისა და მედიის თავისუფლება. ჩვენ მკაცრად ვგმობთ პოლიტიკოსების წინააღმდეგ მუქარებს.

„ქართული ოცნების” რეპრესიისა და დემოკრატიული უკუსვლის კურსის საპასუხოდ ევროკავშირისა და ეროვნულ დონეზე ჩვენი ურთიერთობა დააქვეითა და შეამცირა საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა და დახმარება.

შესაბამისად, ჩვენ შევასრულებთ ევროკავშირის გადაწყვეტილებას ქართული დიპლომატიური პასპორტების მიმართ სავიზო რეჟიმის დასრულებასთან დაკავშირებით და განვიხილავთ დამატებით ზომებს ევროკავშირისა და ეროვნულ დონეზე.

ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით ადასტურებს ჩვენ შფოთვებს საარჩევნო პროცესის კეთილსინდისიერებასა დაკავშირებით, რაც გამოიხატა ფართომასშტაბიან დარღვევებსა და არასათანადო გამოძიებაში. არჩევნები არ ჩატარებულა იმ სტანდარტებით, რაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან არის მოსალოდნელი.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ჩაერთონ ეროვნულ დიალოგში შესაბამის მხარეებთან, რათა იპოვონ დღევანდელი სიტუაციიდან გამოსავალი და აღადგინონ საზოგადოებრივი ნდობა საქართველოს დემოკრატიის მიმართ. ეუთო/ოდირის რეკომენდაციებისა და სტანდარტების შესრულებისკენ მოწოდება, მათ შორის ახალი არჩევნების შესაძლებლობა, რომელსაც მოუწოდებს საქართველოს სამოქალაქო სექტორი, იმსახურებს ხელისუფლების მხრიდან განხილვას – პოლიტიკურ ძალებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სერიოზულ დიალოგში.

ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი.