ეუთოში ნიდერლანდების წარმომადგენელმა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან და ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით 17 ქვეყნის სახელით განცხადება წაიკითხა.
„ჩვენი ქვეყნები უკვე სამი ათწლეულის განმავლობაში ერთგულნი არიან საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ პარტნიორობისადმი. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით საქართველოს სხვადასხვა მთავრობასთან, რათა მხარი დაგვეჭირა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის, განგვევითარებინა საქართველოს ეკონომიკა და გაგვეუმჯობესებინა განათლების ხარისხი ქართველი ბავშვებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი რჩება, ჩვენ მკაცრად ვგმობთ „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მოქალაქეების მიმართ გამოყენებულ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას, რომლებიც თავიანთ უფლებას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის იყენებდნენ.
ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკის გამოყენებას, მათ შორის თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის მეშვეობით, რათა გაჩუმდნენ მისი კრიტიკოსები. ჩვენი ეუთოს ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებასა და მშვიდობიანი შეკრებისა და თვითნებური დაკავებისგან თავისუფლების პატივისცემას, მოვუწოდებთ საქართველოს შეწყვიტოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ რეპრესიული და გადამეტებული ძალადობრივი ქმედებები. ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული დემონსტრანტები, მედიის წარმომადგენლები, ოპოზიციის ლიდერები და სხვა პირები, რომლებიც მშვიდობიანად იყენებდნენ თავიანთ უფლებებს და მხარს უჭერდნენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. პირებმა, რომლებიც უკანონო ძალის გამოყენებაზე არიან პასუხისმგებელნი, აუცილებლად უნდა აგონ პასუხი.
ჩვენ, ეუთოს წარმომადგენელი სახელმწიფოები განვიხილავთ ყველა შესაძლო მექანიზმს ეუთოს კონტექსტში, რაც მომავალში შეიძლება გამოვიყენოთ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას, რომელსაც ქართველების უმრავლესობა უჭერს მხარს.
ჩვენი ქვეყნები მხარს უჭერენ საქართველოს მოქალაქეებს მათ დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. ჩვენ ვაგრძელებთ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ქვეყნები:
– ბელგია;
– კანადა;
– დანია;
– ესტონეთი;
– ფინეთი;
– საფრანგეთი;
– გერმანია;
– ლატვია;
– ლიტვა;
– ლუქსემბურგი;
– ნორვეგია;
– პოლონეთი;
– რუმინეთი;
– შვედეთი;
– დიდი ბრიტანეთი;
– ამერიკის შეერთებული შტატები;
– ნიდერლანდების სამეფო.