„გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე“ , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გურიის რეგიონში, საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„დღეს განვიხილეთ რეგიონში არსებული მდგომარეობა. მდგომარეობა არის საკმაოდ რთული. გუშინდელმა თოვამ კიდევ უფრო მეტად გაართულა ვითარება, შესაბამისად, დღეს უკვე აუცილებელი გახდა, თავდაცვის ჯარების ჩართვა, რასთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სრულად იქნება კოორდინირებული, მობილიზებული ყველა უწყება იმისთვის, რომ ვებრძოლოთ სტიქიას.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, მდგომარეობა არის რთული. სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილი არის გარე სამყაროს, ვერ მყარდება კომუნიკაცია სოფლების მნიშვნელოვან ნაწილთან, ამ კუთხით არის ძალიან ბევრი სამუშაო, ამისთვის ტექნიკა არის მობილიზებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად აღდგეს კავშირი კონკრეტულ სოფლებთან და ამაზე უკვე ამ მომენტიდან განახლდება აქტიური მუშაობა, ასევე დაგვჭირდება მარაგების მობილიზება, როგორც მედიკამენტების ნაწილში, ასევე სურსათისა და შეშის ნაწილში – გათბობისთვის და ამასთან დაკავშირებითაც ვიმუშავებთ კონკრეტული გეგმით“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, გურიის რეგიონში ჩავიდა.
ინფომრაციას „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, კობახიძე დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებსა და იმ ღონისძიებებს ეცნობა, რომელსაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მოსახლეობის დახმარების მიზნით ახორციელებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომ „ყველა შესაბამისი დანაყოფი დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, მესამე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს”.
განცხადებით თანახმად, „სამაშველო სამუშაოებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600-მდე მეხანძრე-მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკაა ჩართული, მათ შორის თოვლის ბურანები”.