„განვიხილეთ საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, ერთობლივი წარმოება, სანქციები” - ზელენსკი კიტ კელოგს შეხვდა

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა. მისი თქმით, კელოგთან „პროდუქტიული” საუბარი ჰქონდა.

„განვიხილეთ მშვიდობისკენ მიმავალი გზა და ის, თუ რა შეგვიძლია, პრაქტიკულად, ერთად გავაკეთოთ იმისთვის, რომ მას მივუახლოვდეთ. ეს მოიცავს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, ერთობლივ წარმოებას და თავდაცვითი იარაღის შეძენას ევროპასთან თანამშრომლობით და რა თქმა უნდა, სანქციებს რუსეთისა და მისი ხელშემწყობების წინააღმდეგ.

აშშ-ის ლიდერობის იმედი გვაქვს, რადგან ნათელია, რომ მოსკოვი არ შეჩერდება, თუკი მისი უსაფუძვლო ამბიციები ძალისმიერად არ შეიზღუდება.

მადლობას ვუხდი კიტ კელოგს უკრაინაში ამ ვიზიტისთვის. მადლიერი ვარ პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერის შესახებ მნიშვნელოვანი სიგნალებისა და ჩვენი ქვეყნებისთვის დადებითი გადაწყვეტილებებისთვის. ამერიკელი ხალხის მხარდაჭერას ძალიან ვაფასებთ”, – წერს ზელენსკი X-ზე.

კიტ კელოგი უკრაინის დედაქალაქში დღეს, 14 ივლისს ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კელოგი უკრაინაში რამდენიმე დღით დარჩება.