განვითარებულმა მოვლენებმა იძულებული გახადა ბატონი ბიძინა, მკვეთრი განცხადებით ეპასუხა - თურნავა

პუბლიკა

განვითარებულმა მოვლენებმა იძულებული გახადა ბატონი ბიძინა, მკვეთრი განცხადებით და შეფასებით ეპასუხა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„როგორც ჩანს, განვითარებულმა მოვლენებმა იძულებული გახადა ბატონი ბიძინა, მკვეთრი განცხადებით და შეფასებით ეპასუხა. ამის ერთ-ერთი მიზეზია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია მის სახელს იყენებს, თითქოს ასე აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტია, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს.

ამიტომაც მოხდა ასეთი მკვეთრი შეფასებების მიცემა, რაც ასახულია ბატონ ბიძინას განცხადებაში, მათ შორის მან ეს გადაწყვეტილება გადადგომის შეაფასა – ღალატის ტოლფას საქციელად. ძალიან მნიშვნელოვანია, რა მომენტში მოხდა გადადგომა. მოხდა საკმაოდ რთულ, დინამიკურ მომენტში, როდესაც პოლიტიკური დაძაბულობა იყო. ასეთ დროს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება სახელისუფლებო გუნდს მთლიანად და, რა თქმა უნდა, მის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრს“, – განაცხადა თურნავამ.

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს.

ბიძინა ივანიშვილი წერილში ხაზს უსვამს, რომ განცხადების გავრცელება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მოისმინა „მოარულად და შეგნებულად“ გავრცელებული ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის, ე.წ. პოლიტიკური პროექტია.