სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პრეზიდენტის განცხადებაზე, „რომ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სადმე რომ შევდივართ და რამეზე საუბარი გვინდა, ყველანი ვფიქრობთ იმაზე, ტელეფონი დავიტოვოთ, თუ გავიტანოთ“, განაცხადა, რომ განწყობების დონეზე სუს-ის საქმიანობას მთავარსარდალი არ უნდა აფასებდეს.
„ეს შეგრძნება მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირებს ან მათთან დაახლოებულ ტელემედიასაშუალებების წარმომადგენლებს შევატყვე. შესაბამისად, შეგრძნებებზე და წარმოდგენებზე საუბარი, რომელიც ფაქტებს არ ეფუძნება, არცერთ საკონსტიტუციო ფიგურას არ ეკადრება, მათ შორის პრეზიდენტს. თუ რამე კონკრეტული გააჩნია, შეუძლია წარმოადგინოს. განწყობების დონეზე სახელმწიფო უსაფრთხოების საქმიანობას ქვეყნის მთავარსარდალი არ უნდა აფასებდეს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
ე.წ. სუს-ის კრებსების შესახებ უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ „ეს იყო Word-ში აკრეფილი ტექსტები, რომელიც რიგ შემთხვევაში დასტურდებოდა დაზარალებული თუ არადაზარალებული პირების მიერ, ხოლო ხშირ შემთხვევაში არ დასტურდებოდა და სრულიად არასერიოზულ ხასიათს ატარებდა“.
სუს-ის ხელმძღვანელმა მედიას გამოძიების დასრულების დალოდებისკენ მოუწოდა.
ჩვენ ვიცით, რომ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სადმე რომ შევდივართ და რამეზე საუბარი გვინდა, ყველანი ვფიქრობთ იმაზე, ტელეფონი დავიტოვოთ, თუ გავიტანოთ. შემდეგ ვძლევთ ამას და ვამბობთ, რომ ჯანდაბას, იყოს ეს ტელეფონი და მოუსმინონ, რასაც უნდათ. ეს კიდევ არის და ეს არ არის ევროპული ცხოვრება. ეს არ არის ადამიანის უფლებების დაცულობა. ეს არის სხვა სისტემა და ჩვენ ამ სისტემიდან უნდა გამოვიდეთ.“ – განაცხადა პრეზიდენტმა 1 სექტემბერს.