2020 წელს ვანდალიზმის მთელი რიგი შემთხვევები 168 მისამართზე აღირიცხა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები აზიანებენ სკვერებში სკამებს, საბავშვო ატრაქციონებს, მწვანე საფარს. კალაძემ ამ მიმართულებით საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები პირდაპირ უყურებენ, თუ როგორ ამტვრევს მოზარდი ბავშვების ატრაქციონს და ამ ფაქტს ყურადღებას არ აქცევენ.
„მოპარული სკამები, განზრახ დამტვრეული საბავშვო ატრაქციონები, მოგლეჯილი ხელოვნური მწვანე საფარი და ლითონის ღობე, ხერხით გადაჭრილი სკამი, დამწვარი საბავშვო ატრაქციონები, განადგურებული უსაფრთხოების კამერები და სხვა. ეს არის ვანდალიზმის სამწუხარო ფაქტები, რომლებიც ფიქსირდება დედაქალაქში და განსაკურებით ეს ყველაფერი ხდება იმ პარკებსა და სკვერებში, რომლებიც ახლადრეაბილიტირებულია, მოწესრიგებულია და ნამდვილად გულდასაწყვეტია.
ამ მიმართულებით, მინდა ვთხოვო დახმარება და მხარდაჭერა საზოგადოებას, რადგან არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები პირდაპირ უყურებენ, თუ როგორ ამტვრევს მოზარდი ატრაქციონს, რომელიც ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და საერთოდ ყურადღებას არ აქცევენ. ვფიქრობ, საზოგადოებამ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ. მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა იმ სივრცეში, რომლის რეაბილიტაციაც ხდება, უსაფრთხოების კამერები იყოს განთავსებული, მაგრამ საზოგადოების უფრო მეტი ჩართულობა, უფრო მეტი აქტიურობა მნიშნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პირდად ის და მერიის სამსახურები მზად არიან, რომ გაატარონ დამატებითი ღონისძიებები, რომ ახალგაზრდებს უფრო გასაგებას აუხსნან, რომ „ეს არასწორია და ნამდვილად არაა მისასალმებელი ახლადრეაბილიტირებულ სკვერებსა და პარკებში ინფრასტრუქტურის დაზიანება, რომელიც ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის, ჩამოსული სტუმრებისთვის კეთდება”.