პარლამენტში უმრავლესობის წევრების მიერ ინიციირებული კანონპროექტის თანახმად, განზრახ მკვლელობის მუხლი შესაძლოა გამკაცრდეს. ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსს“ ეხება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის თანახმად:
-
მკაცრდება სასჯელის ზომა სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (განზრახ მკვლელობა) ჩადენისთვის. ამჟამად განზრახ მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 15 წლამდე. კანონპროექტის მიხედვით, განზრახ მკვლელობა 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება;
-
ასევე, სსკ-ის კოდექსის 109-ე მუხლი ერთნაწილიანი გახდება და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით;
ამასთანავე მკაცრდება სასჯელები ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დაზიანებისთვის.