„განზრახული იყო დესტრუქციული მოქმედებები, რაც ხელს შეუშლიდა სააკაშვილის ეტაპირებას" - პენიტენციური

პუბლიკა

სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რატომ არ გადაიყვანეს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე. მათი თქმით, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან იგეგმებდა გარკვეული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებები, რაც ხელს შეუშლიდა ეტაპირების პროცესს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა მ. სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით.

მათ განზრახული ჰქონდათ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს.

აღნიშნული სახის ქმედებებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მისი სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაშიც, ასევე, ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენა”, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 10 ნოემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის აქციის დაშლის ეპიზოდზეა ჩანიშნული. მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა იყო, რომ სასამართლო პროცესს დასწრებოდა.