გაორმაგებულ, 300-ლარიან სტიპენდიას 5000 წარჩინებული სტუდენტი მიიღებს - ღარიბაშვილი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 5000 წარჩინებული სტუდენტი გაორმაგებულ სტიპენდიას მიიღებს, 300 ლარის ოდენობით.

მისივე თქმით, დღეს მოქმედი პროგრამა ითვალისწინებს, დაახლოებით, 2500 სტუდენტზე 150 ლარის სტიპენდიას.

„მინდა კიდევ ერთი დადებითი, პოზიტიური ინფორმაცია გავუზიარო ჩვენს სტუდენტებს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სტუდენტებს მაქსიმალურად ვეხმარებით. პირველი, მინდა გამოვყო ჩვენი განათლების საერთაშორისო ცენტრი, ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ უკვე წლებია, ჯერ კიდევ პირველი პრემიერობის დროს დავაფუძნეთ აღნიშნული ცენტრი, 1000-ზე მეტი საუკეთესო, წარჩინებული სტუდენტი გავუშვით უცხოეთში, საუკეთესო უნივერსიტეტებში და სრულიად უფასოდ ვასწავლეთ მათ.

ასევე, შედარებისთვის მინდა გავიხსენო ისიც, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტი, შვილს აფინანსებდა ბიუჯეტიდან და ოჯახის წევრებს აფინანსებდნენ ბიუჯეტიდან, უფინანსებდნენ სწავლას, ეს არის განსხვავება.

ჩვენ 1000-ზე მეტი საუკეთესო, წარჩინებული სტუდენტი შევარჩიეთ და ვასწავლეთ უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ბრუნდებიან, ზოგი ბრუნდება, ზოგი არა მარტო სახელმწიფო უწყებაში, არამედ კერძო სტრუქტურებში საქმდება და ეს ჩვენი სიმდიდრე და სიძლიერეა. ჩვენ ამ პროექტს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ, ახალი მინისტრი მუშაობს ამ მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.