„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან ხელმეორედ წასვლას პოლიტიკური ოპონენტები აფასებენ.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ივანიშვილი პასუხისმგებლობას გაექცა.
„დამეთანხმება საქართველოს ყველა მოქალაქე, რომ ეს არის უბრალოდ გაქცევა იმ პასუხისმგებლობიდან, რომელიც ეკისრება ბიძინა ივანიშვილს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც დღეს არის ქვეყანაში.
პრაქტიკულად, დეფოლტის წინაშე მდგარი ქვეყანა, უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური ვითარება, ჯანდაცვისა და პოლიტიკური კრიზისების წარმოუდგენელი მასშტაბები, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ, ეს არის სწორედ ის მემკვიდრეობა არაფორმალური მმართველობის, ოლიგარქიის, რომელიც არის საქართველოში, უკვე მე-9 წელია.
ივანიშვილმა გადაწყვიტა, მთელი პასუხისმგებლობა ამ უმძიმეს ფაქტორებზე – ადამიანების გაღარიბებასა და ჯანდაცვის კუთხით ჩამოშლილ სისტემაზე დააკისროს საკუთარ გუნდს და ფიქრობს, ამით შეუძლია, გაექცეს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას ეკისრება“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ.
„ქართველმა ხალხმა არჩევნებზე ვირთხის წელიწადს გამოუყვანა წირვა ბიძინა ივანიშვილს. მან იჭირვეულა და ახლა უკვე ხარის წელიწადს გადაწყვიტა წასვლა, როგორც ხარმა“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
გიგი უგულავას მიაჩნია, რომ ივანიშვილის წასვლა არ ნიშნავს იმას, რომ მან ძალაუფლება დაკარგა. ოპოზიციური ლიდერის თქმით, ივანიშვილის ეს განცხადება უპასუხისმგებლობა და სისუსტის გამოვლინებაა.
„არსი არ შეცვლილა, ის დამარცხდა იმ არჩევნებზე, როგორც ვირთხა და შემდეგ მიისაკუთრა ძალაუფლება, ამიტომ დღევანდელი წერილი არსებითად არაფერს ცვლის იმ გაგებით… მე შორს ვარ იმ კონსპირაციისგან რომ დავიწყო, ბიძინა ივანიშვილი თავს გვაჩვენებს თუ მართლა მიდის… თავისთავად ცხადია, სანამ მორიგი მთავარი პროკურორი შოთაძე ან რომელიმე მურუსიძე მის მისაღებში იდგება სქელი საქაღალდეებით, ვინ დაიჭირონ და ვინ გამოუშვან ციხიდან, ძალაუფლება ისევ ივანიშვილის ხელში იქნება. რა თქმა უნდა, არაფერი არ შეიცვლება და ნურანაირ ილუზიას ნუ შევიქმნით.
ივანიშვილის დღევანდელი განაცხადი უკიდურესი უპასუხისმგებლობისა და სისუსტის გამოვლინებაა.
უპასუხისმგებლობა არის, როდესაც ქვეყანას 8 წელიწადი მართავ მილიარდერი და შენი მმართველობის შემდეგ გასამმაგებული ვალი რჩება…
უკიდურესი უპასუხისმგებლობაა, როდესაც შენი მმართველობის დროს, პრაქტიკულად, 2.5-ჯერ დევალვირდა ეროვნული ვალუტა, რამაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გააღარიბა და უბედურ დღეში ჩააგდო;
უკიდურესი უპასუხისმგებლობა და სისუსტეა, როდესაც გარბიხარ მაშინ, როდესაც ქვეყანაში პანდემიაა და როდესაც პასუხოსმგებლობა, ფაქტობრივად, შენზეა და შენს მიერ მოყვანილ ადამიანებზე“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
იმაში, რომ ივანიშვილი ძალაუფლებას შეინარჩუნებს, გიგი უგულავას მოსაზრებას იზიარებს სერგო ჩიხლაძეც. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრს მიაჩნია, რომ, თუკი ივანიშვილი ამ დრომდე არაფორმალურად მართავდა ქვეყანას, იმავეს შეძლებს პარტიის შემთხვევაშიც.
„მზარდი ნეგატიური ზეწოლის ფონზე, რასაც ახლა ხელისუფლება განიცდის მსოფლიოსა და ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, ეს არის ერთგვარი მოშორება პასუხისმგებლობის; ის ოფიციალურად შეიძლება აღარ იყოს თავმჯდომარე, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ არაფორმალურად ის ქვეყანასაც მართავს და დიდი ალბათობით, გააგრძელებს არაფორმალურად პარტიის მართვას“, – განაცხადა ჩიხლაძემ.
„მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი მის მიერ გავრცელებულ ვრცელ წერილში.
ამავე წერილში ივანიშვილი მიმოიხილავს „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგებსა და სამომავლო გეგმებს. აკრიტიკებს ოპოზიციას.