გარდაბანში აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვებიდან ერთ-ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა. „პუბლიკის“ ინფორმაციით, 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებით მოათავსეს და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არასრულწლოვანი ძმები სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ დაუსახლებელ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც, სავარაუდოდ, მოხდა აფეთქება. რაც შეეხება მეორე ბავშვს, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.
„ბავშვები სკოლიდან სახლისკენ რომ მოდიოდნენ მაშინ რაღაც უპოვიათ. არ ვიცი რა იყო და ეს რაც იპოვეს აუფეთქდათ. შემთხვევა რომ მოხდა ვიღაცამ მოიყვანა ბავშვები საავადმყოფოში, მე არ მინახავს, ექიმებიც არ მინახავს”, – ამბობდა დაშავებული ბავშვების მშობელი მედიასთან შემთხვევის შესახებ. მშობლის კომენტარი მარნეულის სათემო რადიომ გაავრცელა.